სოფლის მეურნეობა
როდემდე შეძლებს მოსახლეობა ტყეში სათბობი შეშის მოპოვებას
პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, შესაბამისი ბილეთის საფუძველზე, შეეძლება.

აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსახლეობას სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება შეეზღუდება და ამ ფუნქციას ტყის მართვის ორგანოები დაიკავებენ, რომლებიც მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას უზრუნველყოფენ.

ტყითსარგებლობის წესის მიხედვით, 2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრიდა და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევდა.

აღნიშნული წესი მთავრობამ გასულ წელს მიიღო და წარმოდგენილი ცვლილებებით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და დასაწყობების ადგილებზე ე.წ საქმიან ეზოებში განათავსებენ.

"ეროვნული სატყეო სააგენტოს" იურიდიული სამსახურის უფროსის დავით დამენიას თქმით, 40-მდე "საქმიანი ეზო" უკვე შექმნილია და რამდენიმე ათეულის მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს და გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტებს, მათ შორის, საჯარიმო ქვითარს და სააღსრულებო ფურცელს.

„კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა იქნება დასაშვები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვადა თავდაპირველად 2023 წლის იანვრამდე იყო განსაზღვრული.
| Print |