ჯავახეთში კარტოფილს ვერც ჰყიდიან და ვეღარც ყრიან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერები რთულ სიტუაციაში არიან. საშუალო და მსხვილი კარტოფილი ძნელად, მაგრამ იყიდება, თუმცა ფასი თვითღირებულებაც არ გამოდის. თვის ბოლოს კი კარტოფილის დათესვის სეზონი იწყება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტონობით დარჩენილ კარტოფილთან ერთად, ფერმერები ვეღარც კარტოფილის თესლს ყიდიან. ხავეთის ტერიტორიული ერთეულიდან ახალქალაქის საკრებულოს წევრის, ჰრაჩ მოვსესიანის თქმით:
„სათესლე კარტოფილი ბევრი გვაქვს, არის საშუალოც და მსხვილიც. სოფელში შარშანდელი მოსავლის 15-20% ჯერ კიდევ გასაყიდია. ვისაც საშუალება აქვს, სხვა ადგილებში მიაქვს გასაყიდად. სათესლე კარტოფილი ჯერ არავის გაუყიდია, იმედია თესვის დროს გავყიდით“, – ამბობს jnews.ge -სთან ჰრაჩ მოვსესიანი.
„18-20 ტონა სათესლე კარტოფილი მაქვს გასაყიდი. მსხვილი ძალიან ცოტაა, ჩვენს სოფელში ცოტას თესავენ და შემოდგომაზე თითქმის მთელი მსხვილი კარტოფილი იყიდება. ხალხს თბილისში მიაქვს, 1 ტომარას 5-10 ლარად ყიდიან, რა გავაკეთოთ. ალბათ კარტოფილის მინდვრებს შევამცირებ, ღორებს ვიყიდი და კარტოფილს ღორებს მივცემ, არ ვიცით რა ვქნათ, სად გადაყაროთ“, – ამბობს ჰოვიკ გილოიანი.
სოფელ დილისკაში ფერმერი სალვარიან ვარაზდატი სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს და შიშობს, რომ მოსავალი ჯავახეთის მოსავალი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.
„სათესლე კარტოფილს 10 თეთრად ვყიდი, ამასაც არ ყიდულობენ. სოფელში 50-60 ტონა კარტოფილია. 3-4 მარტს მოვიდნენ, ნახეს, გადაიღეს და წავიდნენ. უკვე ერთი თვეა არაფერია სიახლე. არც კი ვიცით სად გადავყაროთ, ნინოწმინდის ნაგავსაყრელიც არ ღებულობს. რა გავაკეთოთ“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.
კარტოფილის მყიდველები იყვნენ აზერბაიჯანიდან, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა გაჩნდა.
„სამცხე-ჯავახეთში ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს არ გასცემენ, ოფიციალურად დავწერე და უარი მითხრეს“, – ამბობენ ფერმერები.
წლევანდელის მსგავსად, ფერმერებმა კარტოფილის გაყიდვა სრულად გასულ წელსაც ვერ შეძლეს. შარშან რეალიზაციის პრობლემას უამინდობაც დაემატა. 2023 წელს, ტემპერატურის მატებასთან ერთად ტონობით კარტოფილი საწყობებში გაფუჭდა და ხალხმა ნაგავსაყრელზე გადაყარა. ჯავახეთის მოსახლეობა მეორე წელია დიდი ფინანსურ ზარალს განიცდის.