ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში, ხვალ საქონელს ბრუცელოზზე
ანალიზი ჩაუტარება. ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიერ
ხელშეკრულება მოზადდა, რომლის საფუძველზეც სურსათის უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლები მუშაობას დილიდანვე შეუდგებიან. ადგილობრივ
ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ანალიზს სოფელში, მხოლოდ ას
სულ ძროხას აუღებენ.
„ანში კი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობა, დაახლოებით,
500–ს შეადგენს“– აცხადებს სოფელ ანის ტერიტორიული გაერთიანების
რწმუნებული იოსებ კაპანაძე.
ერთი სინჯის აღება 5 ლარი ჯდება. აღნიშნულ თნხას ხელშეკრულების
საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს.
იმისათვის, რომ გაირკვეს დაავადებულია თუ არა სოფელში ცხოველთა
უმრავლესობა, სინჯები ახალციხის ლაბორატორიას გადაეგზავნება. რას
მოიმოქმედებენ ბრუცელოზის დადასტურების შემთხვევაში, ეს ანალიზის
პასუხის მიღების შემდეგ გადაწყდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში დაავადება ლაბორატორიულად სამ
სულ ძროხას თებერვლის თვეში დაუფიქსირდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ
ინფექცია სხვა საქონელსაც გადაედო.
სპეციალისტების განმარტებით, ბრუცელოზი ქრონიკული ინფექციური
დაავადებაა, რომელიც საშიშია როგორც ცხოველებისათვის, ასევე
ადამიანებისათვის. დამოუკიდებელი მიკროორგანიზმები ღორს, მსხვილფეხა
რქოსან და წვრილფეხა პირუტყვს აავადებენ.