სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში შეხვედრა გამართა
18:04 / 11.01.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ახალციხეში
რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს
შეხვდა. რევაზ ასათიან დღესვე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ
დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც
სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხის ადმინისტრაციულ
შენობაში შეხვედრა გამართა. რევაზ ასათიანმა საკონსულტაციო
სამსახურების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს დარგის
განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება
გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის
კუთხით, სამცხე–ჯავახეთში არსებულ პოტენციალზეც. რევაზ ასათიანი
თვლის, რომ დარგის განვითარებისთვის რეგიონის ყველა რესურსის ათვისება
მნიშვნელოვანია.
დღესვე მინისტრის მოადგილე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ
დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც
სოფლის მეურნეობის სამინისტროა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების
პირველი პირები, საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები და
ფერმერები დაესწრნენ.
ახალი პროექტი სამცხე–ჯავახეთში, საინფორმაციო–საკონსულტაციო
სამსახურების ეფექტური მუშაობის მიზნით ხორციელდება. პროექტი
წელიწადნახევრიანია და სახვადასხვა აქტივობას მოიცავს, როგორიცაა
სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, ტრენერებისა და ადგილობრივი
სპეციალისტების გადამზადება თუ მინდვრის დღეების გამართვა.
სასოფლო–სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერის პროექტს სამცხე–ჯავახეთში
გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს, რომელსაც რეგიონში
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამყარო“ ახორციელებს. ანალოგიური პროექტი
დაგეგმილია სამეგრელოსა და რაჭაშიც.