ბაქტერიები და მომწამლავი ნივთიერებები ყველში – კვლევის შედეგები
18:47 / 17.01.2018
,,15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული" –
ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დაკვეთით “MIC-TNS” – ის მიერ ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის „MOLI კახეთში" თანადაფინანსებით განხორციელდა.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რიმ კვლევის შედეგები საგანგაშოა. "კვლევის შედეგები საგანგაშოა. უფრო უნდა გამკაცრდეს კონტროლი, მაგრამ კონტროლი გამკაცრდეს არა იმ თვალსაზრისით, რომ ის კომპანიები, რომლებიც კონტროლდება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს, არამედ გაფართოვდეს არეალი, ასევე ვიწყებთ სოციალურ კამპანიას ორი მიმართულებით – ავამაღლოთ მომხმარებელთა ცნობიერება და დავიცვათ ჩვენი წევრებისა და რძის ინდუსტრიის სხვა კეთილსინდისიერ მწარმოებელთა უფლებები", - აღნიშნავს კახაბერ კონიაშვილი.
“MIC-TNS” – ის აღმასრულებელი დირექტორი საოლომე ქაჯაია მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების - კოლიფორმებისა და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აღემატება.
"მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ყველი, რომელსაც ყიდულობს, დამზადებულია ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით და არის უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის. მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ სმენია იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს იმერულმა ყველმა“, – განმარტავს სალომე ქაჯაია.
ყველში აღმოჩენილი ბაქტერიების მკვეთრად მავნე ზემოქმედებაზე საუბრობენ სპეციალისტები. მიკრობიოლოგების განმარტებით, ყველში აღმოჩენილმა სხვადასხვა ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება ორგანიზმში, მენინგიტი და გულის მიოკადრიტი.
ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.