სოფლის მეურნეობა
ჯავახეთში, ფერმერები, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან
ჯავახეთში კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. დასაწყობებული მოსავალი საწყობებში ლპება.

ახალქალაქის სოფლებში მცხოვრები ფერმერები იმპორტირებულ კარტოფილზე განბაჟებისას ფასების გადახედვას ითხოვენ, რათა ადგილობრივმა კარტოფილმა შემოტანილთან კონკურენციის გაწევა შეძლოს. ფერმერები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებას თხოვენ.

მათი განცხადებით, თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი თუ 10 თეთრი ღირს, მათ მიერ მოწეულის თვითღირებულება 80–90 თეთრს აღწევს. ფასთა სხვაობის გამო კი ჯავახეთის ფერმერებს რეალიზაცია უჭირთ. მათი უმრავლესობისთვის კი რეალიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან საქმიანობა საბანკო კრედიტებით დაიწყეს.

,,თითქმის ყველას გვაქვს კრედიტები. თუ ავიღეთ 3 000 ლარი და ამ სამი წლის განმავლობაში ვერ შევძელით მისი გადახდა, თანხა 25 ათასამდე გაიზარდა. ძველი კრედიტის გადასაფარად, ვიღებთ ახალ სესხს და სწორედ ამ პროცენტების გადახდამ განაპირობა ვალის რაოდენობის გაზრდა. მოსახლეობა ძირითადად ,,პიკასო"–ს ან წითელ კარტოფილს ყიდულობს. გამყიდველები თურქულ კარტოფილს ჰყიდიან და ამბობენ, რომ არის ჯავახეთის კარტოფილი" – აცხადებს სოფელ ჩამდურის მაცხოვრებელი.



შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები ფიქრობენ, რომ კარტოფილის მოყვანას აზრი აღარ აქვს, თუ სახელმწიფო ამ საკითხის დარეგულირებით არ დაინტერესდება, როგორც ეს მოხდა ყურძნისა და ვაშლის შემთხვევაში.

“გვესმის, რომ თუ მაქსიმუმ 10–15 აპრილამდე არ გადაწყდება საკითხი, ფერმერები იძულებულნი გახდებიან, რომ კარტოფილი გადაყარონ. ვფიქრობ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა, რადგან ცენტრალური ხელისუფლებიდან ველოდებით პასუხს”, – აცხადებს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

ფერმერთა განცხადებით, მხოლოდ ორ სოფელში – ჩამდურასა და მურჯახეთში ამ დროისათვის 15 000 ტონამდე კარტოფილია დასაწყობებული. თუ დროულად არ გადაწყდა ფერმერთა პრობლემები, ისინი საპროტესტო აქციებითა და ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

წყარო: ჯეინიუსი
| Print |