სოფლის მეურნეობა
თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
1–ლ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალა – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და ბრძანებას

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის დროებითი აკრძალვის მიზეზი, კარტოფილის კიბოს გავრცელების პრევენციაა.

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, აცხადებს, რომ მიღებული ღონისძიების მიხედვით, სურსათისთვის განკუთვნილი კარტოფილი არ გამოიყენება სათესლედ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჯავახეთში მცხოვრებმა ფერმერებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართეს, სადაც თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის რეგულაციების გამკაცრება და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზებაში ხელისუფლების დახმარება მოითხოვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე.

ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში სწორედ თურქეთიდან შემოდის. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე იმპორტის მოცულობამ 21 615 ტონა შეადგინა.

კარტოფილის ყველაზე სერიოზულ ავადმყოფობად ითვლება კარტოფილის კიბო, რომლის გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum Pers, Chytridiomycetes რიგიდან და ითვლება განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე ორგანიზმად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი პირველად 1896 წელს აღმოაჩინეს უნგრეთში, თუმცა პარაზიტის სამშობლო უცნობია. დაავადება სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ხოლო 1918 წელს — აშშ-ში. ამჟამად იგი გვხვდება ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში.

კიბოთი დაავადებული კარტოფილის მიღება ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ აყენებს, თუმცა იგი ტოქსიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. კერძოდ, ასეთ კარტოფილს კანზე შავი წინწკლები და ლაქები აქვს, ანათალის ქვეშაც შავი წინწკლებია შესამჩნევი.






| Print |