დღის ფრაზა
"ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება" - ესტონეთის პრემიერი
ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით.

შეხვედრაზე, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაა.

"მაშინ, როცა უკრაინაში ხალხს აწამებენ, კლავენ და მათ წინააღმდეგ ტერორს ახორციელებენ, რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა სარგებლობდნენ ევროპაში მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება", - ნათქვამია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ლიეტუვის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვებს დააწესებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას. შეხვედრის წინ გავრცელებულ მემორანდუმში ისინი უფრო ფრთხილ მიდგომას ითხოვენ.
| Print |