დღის ფრაზა
უკრაინა და მოლდოვა შესაძლოა 2029 წელს ევროკავშირში გაწევრიანდნენ, სად იქნება საქართველო ამ დროს? - კუბილიუსი
"მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

კუბილიუსი დეოლიგარქიზაციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენების შესახებ ყველასთვის ცნობილია.

"თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს", - განაცხადა კუბილიუსმა.
| Print |