დღის ფრაზა
მიწა, შრომა, ფული და ცოდნა - რა აკლია ქართულ მეურნეობას
,,რითი შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი დაცემული მეურნეობა და შევქმნათ მაღალი სამეურნეო კულტურა? პასუხი ადვილია: ევროპის გამოცდილებით, ევროპის პრაქტიკით, ევროპის აგრონომიულ მეცნიერებით. სამეურნეო წარმოების ფაქტორი გახლავთ ოთხი: მიწა, შრომა, ფული და ცოდნა. მიწები გვაქვს ფრიად უხვი და მრავალნაყოფიერი. გვყავს მშრომელი ხალხიც. არა გვაქვს ფული და ცოდნა. უამათოდ კი მეურნეობის წარმატება შეუძლებელია. ფულიც არაფერია, ვიშოვით; გაგვიხსნიან სამელიორაციო სესხს, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ. დაგვრჩა ცოდნა და ეს სამეურნეო ცოდნა აუცილებლად უნდა შევიძინოთ მის სამშობლოში, ევროპა - ამერიკაში, სადაც უმაღლეს წერტილზედაა აყვანილი იგი.

ჩავხედოთ ერთად ქართველს მკვნესარე სულში, შევიგნოთ მისი ჭრილობანი, შევიგნოთ მისი დღევანდელი ცხოვრება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი კულტურა, ჩავუკვირდეთ მსოფლიო ისტორიის კანონებს და ვცნოთ ქართველი ერის მეფარახათ, ჩვენი ეკონომიური წარმატების დედა-ღერძად ევროპის მეურნეობა და მრეწველობა. ვცნოთ, რუსეთისა და ჩვენი სპეციალური სკოლები ჩვენთვის უვარგისათ, ვეცადოთ გავგზავნოთ ბლომათ ჩვენი ნიჭიერი და მომზადებული ყმაწვილები ევროპაში მეურნეობის და სამეურნეო ტეხნიკის შესწავლით.

ჩვენ ფრიად ცოტანი გვყავს ევროპაში ნასწავლები, ჩვენ გვეჭირვება, რომ მათი რიცხვი იყოს ასობით და ათასობით
" - წერს სიმონ ქვარიანი.  

ქართველი ისტორიკოსი, მწერალი და პუბლიცისტი სიმონ ქვარიანი 1868 წელს დაიბადა. დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასაწავლებელი.

1894–1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ–რუსულ ჟურნალ–გაზეთებში; 1907–1912 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად;

1921–1923 წლებში მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ–ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930 წლებში შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში;

ავტორია ისტორიული თხზულებებისა: „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909), „საქართველოს ისტორია“ (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: „ანჟელინა“, „ცაცინა“, „შოთა რუსთაველი“; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი „დიდი მოურავი“ (1937, თბილისი).
| Print |