სოფლის ამბები
ფოტორეპორტაჟი სოფელ საძელიდან
სოფელი საძელი ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1220 მეტრში, ახალციხიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელში მხოლოდ ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ, რის გამოც საძელს სომხურ სოფელსაც უწოდებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ტრანსპორტის, სასმელი წყლის და მიგრაციის პრობლემას ყოველ საღამოს, სოფლის ცენტრში განიხილავს. სოფლის ცენტრში, ,,ბირჟაზე" თავს იყრიან, როგორც მოხუცები, ისე ახალგაზრდები.
საძელის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. მოჰყავთ კარტოფილი, რომელსაც ახალციხის ბაზარზე მოვაჭრეებს აბარებენ ან თავად ჰყიდიან.
სარწყავი წყლისგან განსხვავებით პრობლემა აქვთ სასმელ წყალზე. დაბინძურებული წყალი ერთადერთი მილიდან სოფლის ცენტრში გამოდის, ხალხი კი მას სათლებით სახლში ეზიდება.
საძელში ხშირად შეხვდებით სახლის დაკეტილ ჭიშკრებს. სომეხი მოსახლეობა თავის სარჩენად ძირითადად რუსეთში მიდის საცხოვრებლად. მამა-პაპის სახლ-კარს ნაწილი ზაფხულობით, ნაწილი კი ხშირად წლების შემდეგ ნახულობს.
გრიგორ ამბარცუმიანი 19 წლისაა. მისი სამომავლო გეგმები მოსკოვს უკავშირდება. ბიძა მოსკოვში წლებია ცხოვრობს. ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ 25 წლიდან სამუშაოდ ბიძასთან წავა. გრიგორის არ სურს, თავისი შვილი საძელში გაიზარდოს.
ზაფხულის მწველ მზეს იხვები თავს ავაზანში აფარებენ.
მტრედი მიტოვებული სახლის სარკმელზე.
სოფლის ხედი გორაკიდან.
| Print |