რუსეთი თანდათან კუთხეში ემწყვდევა, ასეთი რუსეთი კი უფრო საშიშია - პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე
00:13 / 27.03.2022
უკრაინის მიმართ ამერიკისა და ევროპის ღია მხარდაჭერის ფონზე, რუსეთი თანდათან კუთხეში ემწყვდევა, ასეთი რუსეთი კი უფრო საშიშია - მიაჩნია საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ვარაუდობს, რომ ამ პოზიციაში რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც მასშტაბურ კატასტროფას გამოიწვევს.
პოლკოვნიკის შეფასებით უკრაინული მხარე საომარ მოქმედებებს სწორად ახორციელებს. რუსეთი კი თანდათან ყველანაირ რესურსს კარგავს, მათ შორის ადამიანურ რესუსრს. ამ დროისათვის, ოფიციალურად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია გარდაცვლილი, რაც ნიშნავს იმას რომ რუსეთს 30 000-მდე სხვა დანაკარგები აქვს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სანქციების თემაც, რომელიც პოლკოვნიკის თქმით, რუსეთს თანდათან მძიმედ დააწვება. შედეგად კი ქვეყანაში მასშტაბური კრიზისია მოსალოდნელი. ლაშა ბერიძის ვარაუდით, რუსეთი ასეთ ომს ვეღარ გაუძლებს და დანებდება, თუმცა ეს მოკლე ვადებში არ მოხდება.