სიახლეები
ახალქალაქის მერია უსახლკარო ძაღლებს თავშესაფარში გადაიყვანს
ახალქალაქის მერია 2019 წელს 250 ძაღლს თავშესაფარში გადაიყვანს. თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა და ახლა პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს „ვექტრამ“ მიიღო და ამ მომსახურებაში ახალქალაქის მერიას 21 186 ლარი შესთავაზა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულ კომპანიას 2019 წლის ბოლომდე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, საჭიროების შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია, ევთანაზია და ცხოველთა სამარხში გადაყვანა ევალება.

აღწერაში მითითებულია, რომ ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ჰუმანური მეთოდებით უნდა მოხდეს. თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს შესაბამის გამოკვლევებთან ერთად, სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დაბირკვა და სხვა ვეტერინალური მომსახურება უნდა ჩაუტარდეს. რის შემდეგაც რეგისტრირებული ცხოველები ისევ ახალქალაქში უნდა დააბრუნონ.

„თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი სადრენაჟე სისტემით, კანალიზაციით, ცხელი და ცივი წყალმომარაგებით, კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების/დეზინფექციის შესაძლებლობას, ვოლიერები უნდა იყოს განთავსებული ცალკე სპეციალიზირებულად აშენებულ შენობა-ნაგებობაში“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ხელშეკრულება ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზიასა და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში - ბეიკერის ორმოში გადაყვანასაც ითვალისწინებს.
| Print |