სიახლეები
სად და როდის იღებს სათავეს საპირველაპრილო ხუმრობა?
1 აპრილს გასულელება, ევროპული ტრადიციაა და საფრანგეთიდან გავრცელდა. ჯერ კიდევ რომის პაპის გრიგოლ XIII-ის მიერ კალენდრის შეცვლამდე, 1564 წელს, საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის ბრძანებით, 1 აპრილს ახალი წლის აღნიშვნა, 1 იანვარს გადავიდა, რასაც ბევრი ფრანგი ვერ შეეგუა და მათ 1 აპრილს ყალბ საჩუქრებს ურიგებდნენ, აშაყირებდნენ, ასულელებდნენ და იცინოდნენ.

ასე გაჩნდა აპრილის სულელები ანუ აპრილის თევზები – Poisson d'avril, რომლებსაც ადრე მკვდარ თევზებს ჩუქნიდნენ, რაც დღეს ქაღალდის თევზმა შეცვალა. რომელიც მეგობარს ისე უნდა მიაკრა ზურგზე, რომ ვერ შენიშნოს. თუმცა სხვა წყაროებით, 1509 წელს ერთი ფრანგი პოეტი უკვე წერდა 1 აპრილს გაშაყირებულ კაცზე, ხოლო 1539 წელს, ერთმა ფლამანდიელმა აზნაურმა თავისი მსახურები, სწორედ 1 აპრილს გააშაყირა, რომლებსაც სახუმარო დავალება მისცა!

1392 წელს დაწერილ “The Canterbury Tales”-ში ჯეფრი ჩოსერი (Geoffrey Chaucer) ახსენებს 32 მარტს. უფრო კონკრეტულად, 32 მარტი ნახსენებია ნაწარმოებში “Nun’s Priest’s Tale”, სადაც თავმომწონე მამალს მელია გაასულელებს.

დიდ ბრიტანეთში მას, ვინც ხუმრობაზე წამოეგება, "აპრილის სულელს" (April fool) უწოდებენ. მაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელი, ის, ვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება "სულელი".

იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია, სახელწოდებით "აპრილის თევზი" ("Poisson d'Avril"), რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანს ზურგზე შეუმჩნევლად მიაკრა ქაღალდისგან გამოჭრილი თევზი. ამგვარი საპირველაპრილო თევზი ხშირად ფიგურირებდა XX საუკუნის ევროპაში 1 აპრილის მისალოც ბარათებზე.

შოტლანდიაში დაცინვის დღეს 1 და 2 აპრილს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს სკამზე შეუმჩნევლად უდებენ ჭიკარტებს ან ჰაერით სავსე ბალიშს, რომელიც დაჯდომისას უხერხულ ხმას გამოსცემს...

მართლმადიდებელი ეკლესია საპირველაპრილო ოინებს აღდგომის დღესასწაულს უკავშირებს. ერთერთი ვერსიით, ჯვარზე გაკრული მაცხოვრის აღდგომა სწორედ 1–ლ აპრილს მოხდა. მაშინ როცა მართლამდიდებლები ქრისტეს აღდგომას ზეიმობდნენ, პილატეს ბრძანებით, გავრცელდა ხმები, რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა. სწორედ ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია ამ ხუმრობას ცოდვად მიიჩნევს.

პირველი აპრილის დღესასწაულის ფესვები უცნობია. მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სათავეს ადრეული რომაული და ინდუისტური ფესტივალებიდან იღებს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას იწყებოდა და აპრილამდე გრძელდებოდა. თუმცა, მოსაზრების დადასტურება ვერ ხერხდება.

| Print |