სიახლეები
ადგილი, სადაც ახალგაზრდები აღარ ბრუნდებიან
მოძველებული ლაბორატორიები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები, გაუმართავი შიდა გზები, გარე განათების არ არსებობა, გაზრდილი მიგრაცია - ეს იმ პრობლემათა არა სრული ჩამონათვალია, რომელიც სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ ახალგაზრდების აწუხებთ.

,,სოფელში გასართობი ადგილი მხოლოდ სპორტული მოედანია, სადაც თავისუფალი დროის გატარება შეგვიძლია, ან უბნებში ვიკრიბებით და ვსაუბრობთ. აქ, არც სკვერია და არც ტრენაჟორები. ინტერნეტიც არაა, რომ სიახლეებს თვალყური ვადევნოთ“ - ყვება TV9news.ge-სთან მე-11 კლასის მოსწავლე ირაკლი მაზმიშვილი.

ირაკლის მშობლები სოფელ თოკში, თავად კი ბებიასთან და ბაბუასთან საშუალო განათლების მისაღებად წლებია მარტო ცხოვრობს. სწავლის გაგრძლებას და უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა გადაწყვეტილი აქვს, რომ სოფელში იშვიათად ჩავა. მიზეზად ხიზაბავრის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს ასახელებს.

,,საცხოვრებელი სახლები შესაკეთებელია, თუმცა ადგილობრივებს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ვინც მუშაობს, ისიც ახალციხეში ან ასპინძაში დადის, სოფელში სამუშაო ადგილები არ არსებობს, ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა არ არის“.

TV9news.ge-სთან საუბრისას, აღნიშნა, რომ სოფელში დაბრუნების შანსი ნაკლებია და ხიზაბავრაში მხოლოდ საზაფხულო არდადეგებზე დაბრუნდება.



მეცხრე არხის ინფორმაციით, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 65-მდე მოსწავლე და 22 პედაგოგია.

მარიამ სუდაძე სოფელი ღრელიდან ხიზაბავარში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა, თუმცა არსებული პრობლემებს თავადაც ამჩნევს და ამის შესახებ ღიად საურბობს.

,,სოფელში ნადირია და გადაადგილება გვიჭირს, გარე განათება არ გვაქვს. შიდა გზებიც მოუწესრიგებელია“ - ამბობს მარიამი.

მისი სურვილია, სკოლაში ლაბორატორიები მოეწყოს და შემეცნებითი წრეები გაიხსნას.



მეცხრე არხი ხიზაბავრის საჯარო სკოლის, ფიზიკის მასწავლებელს დაუკავშირდა. თეა ხითარიშვილის თქმით, სკოლაში ლაბორატორია მოსაწყობი და ტექნიკური კუთხი აღსაჭურვია.

,,სკოლის ლაბორატორიებში მოძველებული ინვენტარი გვაქვს, ბიბლიოთეკაც განსაახლებელია, მოსწავლეებს ფართო არჩევანი რომ ჰქონდეთ, წიგნებს აუცილებლად განვაახლებდი“
- ამბობს ხიზაბავრის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი თეა ხითარიშვილი.

მისი თქმით, მოსწავლეებს ხშირად მოსაძიებელ ინფორმაციას აძლევენ, თუმცა სოფელში არც ინტერნეტია და არც ბიბლიოთეკაში აქვთ ხშირად ახალი სახელმძღვანელოები. სოფელში გაზრდილ მიგრაციის მაჩვენებელზე თეა ხითარიშვილიც ამახვილებს ყურადღებას.

,, სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან. მათ იციან, რომ აქ თუ დაბრუნდებიან ვერ დასაქმედებიან. თავად დასაქმებული ვარ, მაგრამ ანაზღაურება საკმარისი არაა, რომ განვითარდე და ჩემს თემს მოვახმარო მიღებული ცოდნა. ხშირად, ტრენინგებია ფასიანი, ან ისეთ დროსაა, რომ გადაადგილებას ვერ ვახერხებთ, ტრანსპორტირებაც გვიჭირს. რაიონში რომ მივდივართ, საღამომდე ვერ ვრჩებით, გზის ფულსაც ჩვენ ვიხდთ და ასე ვთქვათ ჩაკეტილები ვართ“ - ყვება მეცხრე არხთან თეა ხითარიშვილი.




ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, სოფელში არ დგას შიდა გზების პრობლემა. გარე განათება კი ხიზაბავრის მაცხოვრებლებმა თავად აირჩიეს სოფლის პრიორიტეტად, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.


| Print |