სიახლეები
რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას
წინასააღდგომოდ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, სადაც დაცულია ჰიგიენური ნორმები და პროდუქტის შენახვის პირობები – სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

„გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.
| Print |