სიახლეები
ორი წელია შშმ პირები ამორტიზებული შენობის გადაცემას ითხოვენ
ორი წელია შშმ პირთა მშობლები ახალციხის მერიას ფართის გამოყოფას სთხოვენ, სადაც სარეაბილიტაციო და დღის ცენტრს მოაწყობენ. ადგილიც შერჩეულია - საბარგო სადგურის ტერიტორია. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო თანხებისთვის დონორები უკვე მოიძიეს, თვითმმართველობას მხოლოდ ფართის გამოყოფა მოუწევს.

ახალციხის გარეუბანში, საბარგო სადგურის დასახლებაში, განცალკევებით დგას ორსართულიანი, ამორტიზებული შენობა, სადაც წლების წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობის ობიექტს არ აქვს ფანჯრები, უკანა კედელი გადანგრეულია, დაბზარულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მიტოვებული, უფუნქციო შენობა თანდათან ნადგურდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და ოჯახის წევრები ორი წელია ქალაქში ფართის გამოყოფას ითხოვენ, სადაც სარეაბილიტაციო, დღის ცენტრსა და სოციალურ საწარმოს მოაწყობენ. ამ თხოვნით მერიას წერილობით არაერთხელ მიმართეს. კავშირმა „თანადგომა შვილებს“ 2019 წელს, დაარსებისთანავე მერიაში პროექტი და ბიზნეს გეგმა შეიტანა, თუმცა ამ დრომდე არ იციან, გადაეცემათ თუ არა შენობის ნაწილი სარგებლობის უფლებით.

„დონორმა რომ გაარემონტოს, ფონდი ითხოვს შენობის უზუფრუქტით გადმოცემას. ამ საკითხზე ორშაბათს ვარ დაბარებული მერიაში. ადრე მერთან ვიყავი შეხვედრაზე და წინააღმდეგი არ არის. შემომთავაზა, რომ შენობის ნაწილში ბაღი გაკეთდეს, ნაწილი კი ჩვენ დაგვეთმოს“, - გვითხრა კავშირ "თანადგომა შვილებთ" თავმჯდომარე მაია გაჩეჩილაძემ. შშმ პირის დედა ამბობს, რომ მერიას ბოლოს სამი თვის წინ, ივლისში წერილობით მიმართა.

ორგანიზაციის „თანადგომა შვილებს“ ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით, 1 200 შშმ პირია, რომელსაც სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის მომსახურება სჭირდება. მაია გაჩეჩილაძე გვიხსნის, რომ ფართის გადაცემის შემდეგ, სარეაბილიტაციო ცენტრის გარდა, სოციალური საწარმო მოეწყობა.

„შშმ პირების განათლების და განვითარების გარდა, შეიქმნება საწარმოები, სადაც ბენეფიციარები დასაქმდებიან. გათვალისწინებული გვაქვს მებაღეობა, მეფრინველეობა - მარტივი ფორმის სამუშაოები, რასაც შეძლებენ. მათი ნამუშევრების რეალიზაცია მოხდება და ბენეფიციარი ხელფასის მიიღებს“.

საბარგო სადგურზე დაახლოებით, 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები წლებია ითხოვენ, რომ შენობამ ფუნქცია დაიბრუნოს და ბავშვების საბავშვო ბაღში წაყვანა ქალაქში აღარ მოუწიოთ. მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის, რომ შენობის ნაწილში შშმ პირთა ცენტრი განთავსდეს. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ რამდენჯერმე შენობის გასხვისებაც განიხილებოდა, რასაც ხელი მოსახლეობამ შეუშალა.

„ეგეთი ვარიანტი იყო, რომ ამის ყიდვა უნდოდათ. მოსახლეობამ წინააღმდეგობა გავუწიეთ, პრინციპულად დავიცავით ეს შენობა. ვიღაცა გამზადებულზე მოვიდეს და დაჯდეს, ბავშვებმა კიდევ ბაღში ქალაქში იარონ? ჩვენი მომავლისაა ეს შენობა“, - გვითხრეს ადგილობრივებმა. 


რას უპირებს თვითმმართველობა საბავშვო ბაღის ყოფილ შენობას - ახალციხის მერიიდან პასუხს ამ დრომდე ველით. 
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |