სიახლეები
ახალციხის მერი ქონების მართვის ხარვეზებზე აუდიტს არ ეთანხმება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქონების მართვასა და ინვენტარიზაციაში არსებული ხარვეზები გამოავლინა. 2018-2019 წლების ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ.

ასევე, მერიას არ აქვს მიღებული მის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის  შესაბამისი წესი, სადაც განსაზღვრული იქნება ქონების საიჯარო ღირებულების დაანგარიშების მექანიზმი. 

"მუნიციპალიტეტის მიერ ქონება იჯარით გაიცა შესაბამისი ორგანოების შეფასების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით. ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზროზე ნაკლებ ფასად გაცემის რისკი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები."

ახალციხის მერი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს არ ეთანხმება. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მერიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით, სოციალურად დაუცველი, შშმ და ვეტერანის ოჯახები სარგებლობენ.

ქონების მართვის ხარვეზის გარდამ აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოავლინა, რომ "გამოვლენილი გარემოების შედეგად დარღვეულია „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანების მოთხოვნები. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სხვა აქტივების და რესურსების დაკარგვის, დაზიანების, არამართლზომიერი გამოყენების ან მართვის რისკები".


| Print |