სიახლეები
გაერო-ს ბავშვის კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიება გამოსცა
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ გაერო-ს ბავშვის კომიტეტიდან მიიღო შეტყობინება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიების გამოცემის შესახებ.

„კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა", - აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR).

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, PHR-ის განცხადებით, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს მისი შესრულების შესახებ სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას.

იმის გამო, რომ პანსიონატში არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უშვებენ და არც სახელმწიფო სოციალურ მუშაკს, PHR-მა სასამართლოს მიმართა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნაზე მოსარჩელე ორგანიზაციას განჩინება 27 აპრილს ჩაბარდა. ადვოკატ ანა არგანაშვილის განცხადებით, სასამართლომ, ფაქტობრივად თქვა, რომ „სახალხო დამცველის პანსიონში არშეშვება არ ნიშნავს იმას, რომ თავშესაფარში ბავშვთა უფლებები ირღვევა და ბავშვთა მიმართ ძალადობა ხდება".

რას ამბობენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები ნახეთ აქ: 


| Print |