სიახლეები
ახალციხელები ქალაქის ძირითად პრობლემებზე ჩივიან
მღვრიე და საეჭვო შეფერილობის სასმელი წყალი, ახალციხელების ონკანში ხშირად მოდის. ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი,

წყლის ხარისხი და გრაფიკი, თითქმის ყველა სეზონზე ხდება. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს, მთელი დღის საჭირო მარაგის ასავსებად, დილით, რამდენიმე საათი აქვს.

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მაწანწალა ძაღლებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. ქალაქში მათი რაოდენობა, წლებია იზრდება. მშიერი და ხშირად ავადმყოფი ცხოველი, მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. 2017 წლის ათი თვის მანძილზე, სამედიცინო დაწესებულებებს, მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენილმა 105 მოქალაქემ მიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში უფრო მეტი ხე იჭრება, ვიდრე ირგვება – ფიქრობენ ადგილობრივები. მოსახლეობას მწვანე საფარის გარეშე დარჩენილი სკვერები და პარკები აწუხებს. გამწვანების პარალელურად, ადგილობრივ ხელისუფლებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქუჩების დროულ გასუფთავებას სთხოვენ.

სამოქალაქო სექტორი წინასაარჩევნოდ, მერობის კანდიდატებს, ქალების საჭიროებების გათვალისწინებას სთხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალები, დასაქმების საკითხში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. სამოქალაქო სექტორს არ ეთანხმება ქალაქის ახალარჩეული მერი.

საზოგადოება დასახლებული პუნქტების გამწვანების პასუხისმგებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს. მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს მათთვისაც პრიორიტეტული სფეროა და ახალი ნარგავები მუნიციპალიტეტში გაზაფხულიდან გაჩნდება.

წყალსაკანალიზაციო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტის პირველი პირი პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა მოსახლეობას ჰპირდება, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კონსულტაციებს გამართავს.

თვითმმართველობაში მაწანწალა ძაღლების საკითხზე მუშაობაც იგეგმება, მაგრამ როდის შემცირდება ცხოველების რაოდენობა ქალაქში, ამაზე პირველ პირს პასუხი არ აქვს.


| Print |