სოფელ მოხის სადავო შენობას ამკრძალავი ლენტი სამართალდამცველებმა მას შემდეგ შემოავლეს, როცა მუსლიმებმა ლოცვა დაასრულეს. მათი განმარტებით, ლოცვის აღსრულება ამ შენობაში ორი მიზეზის გამო გადაწყვიტეს. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში პირობები არ არის და მეორე, სადავო შენობის კუთვნილების შესახებ ამ დრომდე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნა არ არსებობს.
სადავო შენობაში მუსლიმების მიერ ლოცვის ჩატარების გამო ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა. მეუფე თეოდორეს განმარტებით, სადავო შენობასთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომლიც ცდილობს სოფელში მოსახლეობას კეთილმეზობლური ურთიერთობები შეუნარჩუნოს. თუმცა მუსლიმი მრევლის ჯგუფი ნებართვის გარეშე შენობაში შევიდა და მეოთხე დღეა ლოცულობს. მიტროპოლიტი მუსლიმ თემს 2 წლის წინ დადებულ შეთანხმებასაც ახსენებს.
შექმნილი ვითარების გამო 13 ოქტომბერს მოხეში იმყოფებოდნენ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და ქართული სამუფტოს წარმომადგენელი, რომლებიც მართლმადიდებელ მხარეს შეხვდნენ და საკითხი განიხილეს. მეუფე თეოდორეს თქმით, მუსლიმი მხარის განმარტებით, ადგილობრივი თემის ქმედებები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. სოფელ მოხეში ყოფნას უარყოფს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ სადავო შენობაში მუსლიმების მიერ ლოცვის ჩატარების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
ჯამბულ აბულაძის ბრალდებებს უარყოფს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი. სადავო შენობის გამო დაპირისპირება სოფელში 2014 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, როცა შენობის კუთვნილების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა. არქიმანდრიტი ნიკოლოზი განმარტავს, რომ ქვეყნისა და მრევლის სიმშვიდისთვის ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. იგი დახმარებას უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას თხოვს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის ცენტრში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემის მტკიცებით, შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა, მართმადიდებლები კი შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, შენობის ისტორიული კუთვნილების დასადგენად, ხელისუფლებამ შესაბამისი კომისია შექმნა.