რეანიმატოლოგი პოლიციის სამმართველოში დასაკითხად მივიდა
18:21 / 23.03.2021
ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს.
გამოძიებას მედიკოსისგან აინტერესებს რა სახის სამედიცინო დახმარება გაუწია 18 მარტს მეგი ბაქრაძეს, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
გიორგი აფციაურმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაკითხვის შესახებ მისთვის ცნობილი გუშინ, 22 მარტს გახდა.
პოლიციის სამმართველოშივე იმყოფება კლინიკა ,,იმედის" ადმინისტრაცია. საგამოძიებო მასალების გადმოცემას ითხოვს გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილიც.
მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.