რეგიონი
ჯავახეთში, აქციის მონაწილეთა ნაწილი ერევანში, პოლიციის უფროსს შეხვდა
პროტესტი, რომელიც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საათობით გრძელდებოდა, შეწყდა.

აქციის მონაწილეთა ხუთკაციანი დელეგაცია ერევანში, პოლიციის უფროსს ვალერი ოსიპიანსა და მის მოადგილეს შეხვდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანდრანიკ გარსლიანი ახალქალაქის სააგენტო ,,ჯეინიუს"- თან აცხადებს, რომ შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა, ხოლო საბოლოო პასუხს სამართალდამცველებისგან ორშაბათს ელოდებიან.

პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს შეპირდა, რომ სომხეთის ხელისუფლება ჯავახეთის მოსახლეობისთვის მტკივნეულ საკითხებს კანონის ფარგლებში გადაწყვეტს.

აქციის მონაწილეთა თქმით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო, სომხეთის მხრიდან ამ დროისათვის დაკავებულია 10, ხოლო იძებნება 300-ზე მეტი ჯავახეთის მაცხოვრებელი.

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობასა და ჯავახეთის მოსახლეობასთან მუდმივი კავშირი აქვს.

ჯავახეთის მოსახლეობამ 14 დეკემებერს, საქართველო - სომხეთის საზღვართან აქცია გამართა და სომხეთის ხელისუფლებას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხში დახმარება მოითხოვა.

,, სომხეთის მთავრობის წევრებთან გვაქვს თხოვნა, გაარკვიონ სიტუაცია რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ, ბევრმა უკვე მიიღო პასპორტი და ამ მომენტში მათ არ შეუძლიათ დატოვონ სომხეთი. დაახლოებით 10-15 ადამიანი დაგვიკავშირდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არიან სხვებიც. ეს პრობლემა ათასობით ადამიანს ეხება’’ – განუცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ jnews-ს სატელეფონო საუბარში.
| Print |