მტკვრის დონეზე, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგი გრძელდება. ასპინძაში ამბობენ, რომ წყლის მოცულობის ზრდა, დღეს აღარ დაფიქსირებულა.
მდინარის მომატებულ დონეს, საქართველო–თურქეთის საზღვართან, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, რამდენიმე საათის განმავლობაში აკვიდრებოდა. თეიმურაზ მურღულია სოფელ მირაშხანში გუშინ, გვიან ღამით ჩავიდა. მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის მიზანი, მოსახლეობაში არსებული დაძაბულობის გაფანტვა იყო.
მურღულიას განმარტებით, მტკვრის დონის მომატების მიზეზი ის გახდა, რომ ,,ქაია ბეის“ ჰესის დამბამ, გაზაფხულის წყალუხვობის დროს, იმაზე მეტი წყალი გაატარა, ვიდრე ჩვეულებრივ ატარებს.
მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ მირაშხანში, ხერთვისსა და ნიჯგორში, მობილიზებულები იყვნენ სახანძრო–სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები. ახალციხესა და ბორჯომში, სახიფათო მონაკვეთზე პატრულირებდა პოლიცია.
ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახური, საგანგებო რეჟიმზე 16 აპრილს, 12:00 გადავიდა. დაბა ასპინძისა და მდინარის ნაპირას მდებარე სოფლების მოსახლეობა, წყლის დონის შესაძლო მომატებაზე, გამგეობის წარმომადგენლებმა წინასწარ გააფრთხილეს და მდინარის ნაპირებთან მიახლოებისგან თავის შეკავება ურჩიეს. გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივი მწყემსისა და 30 სული საქონლის წყლიდან გამოყვანა, მხოლოდ სამაშველო სამსახურის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტმა, წყლის ანომალიური მოვარდნის შესაძლო ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინფორმაცია 16 აპრილს, 18:00 საათზე მიიღო. მას შემდეგ გამგეობის თანამშრომლები ვარძია–მირაშხნის ტერიტორიას აკვირდებოდნენ.