რეგიონი
ნინოწმინდაში საპროტესტო აქცია გაიმართა
საპროტესტო აქცია გაიმართა ნინოწმინდაში. საკრებულოს შენობასთან ხუთი სოფლის – დილიფის, დიდი და პატარა გონდურის, ყულალისისა და მამწარას მოსახლეობა შეიკრიბა და სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზების მოასფალტებას მოითხოვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, მაგრამ ვადა არ დაუკონკრეტებიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, 2019 წელს, რეგიონული ფონდის მიერ სოფელ მამწარასთან 7 კმ–იან გზაზე მხოლოდ 1 400 მეტრი გზის მონაკვეთის მოასფალტებაა გათვალისწინებული, რისთვისაც ნახევარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

,,შარშან შეგვპირდნენ მოასფალტებას, მაგრამ უშედეგოდ. მეორე წელს საგზაო ნიშნის დადგმასაც დაგვპირდნენ. ახლა 500 ათას ლარზე საუბრობენ, რაც ძალიან ცოტაა ჩვენი გზების მოასფალტებისთვის. 10 ტომარა სილა დაყარეს და კინაღამ დაგვაბრმავეს, ეს არის მათი დანაპირების შესრულება" – აცხადებს აქციის მონაწილე რადიო ,,ნორ"–თან.

საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეგიანი კი ამბობს, რომ ,,შარშან მსგავსი დაპირება არ ყოფილა. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, სამართლიანია – გზა ყველას ჭირდება, განსაკუთრებით მოასფალტებული გზა. ამ დრომდე აღნიშნულ სოფლებში მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია. გვაქვს სტრატეგიული გეგმა, რის მიხედვითაც ხორციელდება სხვადასხვა ქუჩებსა თუ სოფლებში ასფალტირება, იქნებ ჩვენი დეპუტატისა და გუბერნიის დახმარებით, შევძლოთ დამატებითი თანხების მოზიდვა, რათა მოასფალტების გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილომეტრი".
| Print |