რეგიონი
ყვიბისში კვარის მოპოვებისთვის ხეებს აზიანებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ფიჭვის ხეებია დაზიანებული. საკრებულოს დეპუტატი ბაკურ გელაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივები ხეებს კვარის მოპოვებისთვის თლიან. დაზიანებული მცენარე მოგვიანებით ხმება. მისივე თქმით, ხელოვნურად გაშენებულ ტერიტორიაზე 30-მდე ხეა დაზიანებული.

"ეს სამწუხარო ამბავი ხდება ე.წ. კონცხზე, რომელიც დღემდე წარმოადგენს სოფლის ერთადერთ დასვენების ადგილს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. კვარის მოპოვების მიზნით, დაზიანებულია უამრავი ახალგაზრდა ხე“, - წერს სოციალურ ქსელში ბაკურ გელაშვილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, ვინ დააზიანა ხეები.

„თუ იქნება იდენტიფიცირებული სამართალდამრღვევი, შევადგენთ ოქმს. ხის დაზიანებაზე ჯარიმა 500 ლარია, თუ გახმა ხე, მაშინ ზარალი დაანგარიშდება და თანხა გაიზრდება. ავიყვანთ კონტროლზე პერიმეტრს და გავაძლიერებთ პატრულირებას“, - ამბობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
| Print |