რეგიონი
ბორჯომში ხანძრით დაზიანებული ტყეების აღდგენა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი სოფელ დაბაში იმყოფებოდა, სადაც ტყის აღდგენის პროექტით უკვე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური შესწავლა, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს.

„ბორჯომის ხეობაში პირვანდელი ტყის სრული ეკოსისტემის აღდგენას წლები სჭირდება. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, შემუშავებული პროექტის საფუძველზე, 2018 წლის შემოდგომაზე, 250 ათასამდე ნერგი დაირგო. გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტს 144 ჰა ფართობზე ვაგრძელებთ. წიწვოვანთან ერთად, ფოთლოვანი სახეობის ნერგებიც დაირგვება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.

პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი ნერგი გამოიყენება.
| Print |