რეგიონი
სასტუმრო ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად - აბასთუმანში „ზეკარი“ დაანგრიეს
სამსართულიან შენობას, სადაც 12 წელი ტუბსაავადმყოფო ფუნქციონირებდა, სამი კვირაა მძიმე ტექნიკით შლიან. აბასთუმანში სანატორიუმ „ზეკარის“ ნგრევა დაჩქარებული ტემპით მიმიდნარეობს. ტერიტორიის მოსწორების შემდეგ, აქ თანამედროვე სასტუმრო აშენდება.

ტრაქტორისტი რეზო ობოლაშვილი, აბასთუმნის შესასვლელში ფილტვის დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სანატორიუმ „ზეკარის“ დასანგრევად გადაიყვანეს. ამბობს, რომ საავადმყოფოს შენობის ნგრევა აქ დასაქმებულებისთვის საშიში არ არის. სამუშოებამდე შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, უსაფრთხოების ზომები დაცულია და მუშები პირბადეებით მუშობენ.

ისტორიული, თუმცა ავარიული შენობის ნგრევას ადგილობრივების ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობამ ფილტვის პრობლემების მქონე პაციენტებს არასწორი ადგილი შეურჩია და ტყიდან „ხრიოკზე“ გადაიყვანა.

„ჰაერი ძალიანაც რომ შუაშია. ძალიან ბევრი ავადმყოფი საკაცით მოჰყავდათ და ბუნების, ჰაერის დამსახურებით კარგად ხდებოდნენ“, - გვეუბნება ჯულიეტა მელქონიანი, რომელიც ტუბსაავადმყოფოში თავადაც მუშაობდა.

აბასთუმანში მალე ფიჭვის ყვავილობა დაიწყება. ადგილობრივებს ის მტვერი აწუხებთ, რომელიც შენობების დემონტაჟის და მშენებლობის გამო, კურორტზე ბოლო პერიოდში შეიმჩნევა.

„ადრე ასფალტი დილას, შუადღეს და საღამოს ირეცხებოდა. 20 წელია არაფერი არ ხდება. ცენტრალურ გზაზე ვცხოვრობ და საღამოს რომ შემოხვიდეთ, მტვერია დადებული. ვინაა პატრონი. ძველი აბასთუმანი აღარ არის“, - წუხს 87 წლის ადგილობრივი კარლო ვოსკანიანი.

ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიას თებერვლიდან შპს „სანაპიროს ხედი“ ფლობს. კომპანიამ 23 585 კვ.მ. აუქციონზე, 3.54 მლნ ლარად შეიძინა. პირობის მიხედვით, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მოხდეს შენობების დემონტაჟი, სამი მიწის ნაკვეთის დეზინფექცია და კულტივაცია.

"მერიაში პროექტი ჯერ არ შემოსულა. სავარაუდოდ, სასტუმრო შენდება. ახლა ნებართვა მხოლოდ ნგრევაზეა გაცემული", - ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

კომპანია „სანაპიროს ხედის“ 100%-იანი წილის მფლობელია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ ს.ა“, რომელიც ქართველ მილიარდელთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელებს შორის გვხვდება.
კომპანიის საკუთრებაშია “კაპიტალ ინვესტი”, რომელიც თბილისის იპოდრომის ტერიტორიას ფლობს. “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია. “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ ს.ა.” ფლობდა ბლექ სი არენას, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს, რომელიც 2016 წელს ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა.

ახალი მეპატრონის ინტერესებში მხოლოდ სანატორიუმის ტერიტორია არ შედის. ახალ მისამართზე გადავლენ მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელ კორპუსს უშენებენ.

დანგრევამდე "ზეკარი" აბასთუმნის სანატორიუმებს შორის ყველაზე დიდი იყო. იგი 1929 წელს ააშენეს. მანამდე კი - XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქ "ქსენიას სასახლის" სახელით ცნობილი ნაგებობა იდგა. ის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III რომანოვის ასულს და რუსეთის მეფის - ნიკოლოზ II-ის დას ქსენიას ეკუთვნოდა. სასახლე უფლისწულ გიორგი რომანოვის სამი სასახლის პარალელურად შენდებოდა და რომანოვების კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა.
| Print |