რეგიონი
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეხანძრეები და სასაზღვრო ვერტმფრენი აქრობს

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ახორციელებენ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჯერ ვერ ხერხდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა. ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ორივე კერასთან მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

| Print |