რეგიონი
თანასწორობის დარღვეული პრინციპი საქართველოს საზღვართან
ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან ორი ქვეყნის დროშაა აღმართული. გამყოფი ზოლის ერთ მხარეს საქართველოს, მეორე მხარეს კი თურქეთის დროშა ფრიალებს.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა გაცილებით დაბალ ძელზე კიდია და ზომითაც პატარაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ქართულმა მხარემ დროშის ზომა უნდა გამოცვალოს.

„შესაძლოა ვინმეს ამაზე გაეცინოს, მაგრამ ვიზუალურად არ არის კარგი შესახედი, როცა შენი ქვეყნის დროშა გაცილებით პატარაა, ვიდრე მეზობელი ქვეყნის“.

„გვერდიგვერდ დგას ორი ქვეყნის დროშა და საქართველოს სიმბოლო თითქოს იჩაგრება. თუ ფინანსური პრობლემაა, ბოლოს და ბოლოს მოქალაქეები ავკრეფთ ფულს და ვიყიდით“.

„გასაგებია, რომ თურქეთის დროშა მეორე მხარემ დაკიდა და ზომაც თავად შეარჩია. მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენც დიდი დავკიდოთ?“
- ამბობენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვარს ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტიდან კვეთენ.

მოსახლეობის აზრს ეთანხმებიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, მათი რეკომენდაციით, ჯობია დროშები თანაბარი ზომის იყოს.

„საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის დროშა ჩვენს დროშაზე დიდი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში თურქეთს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვს აღმართული. ასეთ დროს კონკრეტული რეგულაციები არ არის, თუმცა როცა ორი დროშა ერთადაა აღმართული, ორივე უნდა იყოს თანაზომიერი. ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანასწორობის პრინციპია და კეთილი ნებაც არის ორივე მხარის, რომ თანაბარი ზომის იყოს“, - გვითხრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ.

სახელმწიფო სიმბოლიკის ზომის შესახებ ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსს ვკითხეთ.

„უაზრობაზე რატომ მირეკავთ? ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მართებული არ მგონია. დიდი სხვაობა არ არის, სხვა რაკურსით რომ გადაიღოთ, სხვანაირად გამოჩნდება“, - გვითხრა ლევან საყურაშვილმა და კომენტარისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ვითარების გარკვევას დაგვპირდა, თუმცა რამდენიმე დღეა „მეცხრე არხის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
| Print |