რეგიონი
,,სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ“ - თამარ ხუციშვილი
ხუციშვილების სახლში ავეჯს ადგილს ხშირად უცვლიან. სად დაიძინებს ოჯახის ოთხი წევრი - ეს ამინდზეა დამოკიდებული. საცხოვრებელს სახურავი აქვს დაზიანებული და წვიმის დროს სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ.

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში ხუციშვილებმა ერთ-ერთი ოთახის კარი სამუდამოდ გამოკეტეს. ავარიული შენობის ჩამოწეული სახურავი ე.წ. ,,ბიჯგებით” გაამაგრეს, თუმცა სახლის ამ ნაწილში შესვლას მაინც ვერავინ ბედავს.

„თითქოს გავამაგრეთ, მაგრამ ზამთარში თოვლის გვეშინია, სახურავი არ დაამძიმოს და ოჯახის წევრები არ დავშავდეთ“, - გვეუბნება დიასახლისი თამარ ხუციშვილი.

ოჯახი ექვსი წელია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. ჩამონგრეული ჭერის გარდა, დაზიანებულია ხუციშვილების საცხოვრებელიც. ძლიერი ქარის, სეტყვის ან წვიმის დროს ოჯახის ოთხივე წევრი თავს მეზობლებთან აფარებს.

,,როცა გაწვიმდება, საწოლები გვისველდება. ხან აქეთ გადავდგამთ, ხან იქით. ასეთ პირობებში ცხოვრება რთულია. ძლიერი ქარის, წვიმის ან თოვლის დროს გარეთ გავრბივართ და სახურავს ვამოწმებთ, ხომ არ ჩამოინგრა. ასე ვართ, სანამ გამოიდარებს“, - ამბობს თამარ ხუციშვილი.

ხანშიშესულ ცოლ-ქმართან ერთად, დაზიანებულ სახლში ორი შვილიშვილი ცხოვრობს. სოფელ თოკში სკოლის არარსებობის გამო, მოსწავლეები საცხოვრებლად ხიზაბავრაში, ბებია-ბაბუასთან გადავიდნენ.

სამოთახიან სახლში წყალი ყველგან ჩამოდის. წვიმის დროს ლოგინს ცელოფანს აფარებენ. პოლიეთილენით სცადეს ჭერიდან ჩამოსული წყლის შეკავებაც.

ხუციშვილების ოჯახი თავს ბებიისა და ბაბუის პენსიით ირჩენს. ერთადერთი შემოსავლის დიდი ნაწილი მედიკამენტების შეძენაში სჭირდებათ.

,,ორი წლის წინ საჭმლის ფული არ გვქონდა, კრედიტი გამოვიტანეთ, შვილიშვილებისთვის ფქვილი და საკვები რომ გვეყიდა. დღემდე ვიხდით პენსიიდან პროცენტებს“.

მძიმე სოციალური პირობების გამო, ოჯახმა დახმარებისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართა.

,,დავწერეთ, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და დახმარება ვითხოვეთ. ასეთი პასუხი მოგვივიდა, რომ ეგ ძველი სახურავია და არაფერიც არ გეკუთვნითო. სეტყვისგან რომ გაფუჭებულიყო, მაშინ დაგეხმარებოდითო“, - ამბობს თამარ ხუციშვილი.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, ასპინძის მერია მხოლოდ იმას ეხმარება, „ვინც იმსახურებს“.

,,დამსახურებაში კანონიერებას ვგულისხმობ. იცით რამდენი გაჭირებულია მუნიციპალიტეტისა და რესპუბლიკის მასშტაბით? იცით რამდენ ადამიანს ჩამოგითვლით?“
- ამბობს როსტომ მაგრაქველიძე.

ასპინძის მერის თქმით, ხუციშვილების ოჯახში კომისია იყო ასული, თუმცა რა რეაგირება მოახდინეს, ამაზე როსტომ მაგრაქველიძე არ საუბრობს.

,,ორი კაცი იყო ამოსული. სახლს ფოტოები გარედან გადაუღეს, შიგნით არც შემოსულან და ისევ უკან გაბრუნდნენ“, - ყვებიან ოჯახის წევრები.
მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ხუციშვილები სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობა 2017 წელს შეისწავლეს, თუმცა ხუციშვილებმა მაღალი სარეიტინგო ქულა - 90 510 მიიღეს. ყოველთვიურ 10-ლარიან დახმარებას იღებდა ბებია-ბაბუასთან მცხოვრები შვილიშვილი, რომელიც 2018 წლის 7 იანვარს 16 წლის გახდა და სახელმწიფოს დახმარება შეუწყდა. 

„ოჯახს აქამდეც ორჯერ შეეძლო დაეწერა განცხადება. ახლა უნდა მივიდნენ ასპინძაში და ახალი განაცხადი შეავსონ ხელახლა გადასამოწმებლად. სააგენტო განიხილავს და პასუხს აუცილებად შეატყობინებენ“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის უფროსი დავით გოგალაძე.
| Print |