რეგიონი
ვალეში ერთი წლის დამონტაჟებული ტროტუარები დაზიანდა
ახალციხის ქალაქ ვალეში, ტროტუარების მოწყობის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა, თუმცა რკინის კონსტრუქცია უკვე დაზიანებულია. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 95 289 ლარი დაუჯდა.

სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკები სულ უფრო მეტ ადგილზე ზიანდება. ვალეში ხარვეზები თავს თანდათან იჩენს.

„შარშან გააკეთეს და ზედ რომ დავდიოდით, მაშინვე ემჩნეოდა რომ კარგი გაკეთებული არ იყო, მოძრაობდა“.

„ამძვრალია დადუღების ადგილები. მხოლოდ სიცხეში კი არა, შარშან ზამთარშიც აძვრა. ახლა მოძრაობაში უფრო აიწია“.

„ტროტუარი, რომელიც დაზიანდა, შარშანდელი გაკეთებულია. მთლიანი, შვიდმეტრიანი „ლისტი“ დადეს და თავიდანვე არ იყო კარგად. წელს რაც გააკეთეს ის კარგადაა. ამჯერად „ლისტები“ 2.5 მეტრად დაჭრეს და მყარადაა“,
- ამბობენ ვალეში.

საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად ახალციხის გამგეობამ ტენდერი 2017 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ შეირჩა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 95 289 ლარია, 2017-2018 წლებში განხორციელდა. სამუშაოებს ორწლიანი საგარანტიო ვადა აქვს, ეს პერიოდი კი ჯერ არ ამოწურულა. ახალციხის მერი ამბობს, რომ დაზიანებული ტროტუარის შესახებ იცის. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ხარვეზების არსებობის შესახებ კომპანიასთან შეთანხმებულები არიან.

"მშენებელი გაფრთხილებულია, კომპანია ხარვეზის გამოსწორებაზე, საგარანტიო ვადების ფარგლებში მუშაობს. გასწორდება ყველა წერტილი", - ამბობენ მერიაში.

საფეხმავლო ბილიკების დაზიანების შესახებ "მეცხრე არხისგან" შეიტყო კომპანიის დირექტორმა. ავთო კაჭკაჭაშვილის თქმით, ვალეში ტროტუარები ერთხელ უკვე შეაკეთეს, ახლა კი თვითმმართველობას ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, მისთვის არ მიუმართავს.

"ეგ ინფორმაცია არ მაქვს. არც არავის მოუმართავს, რომ დაზიანებებია. სამუშაოების დაწყება ჩემს გარეშე ვერ გადაწყდება. თავიდანვე ვუთხარი გამგეობას, რომ ამ კონსტრუქციაზე, შედუღების ადგილებში სიცხე-სიცივე ძალიან მოქმედებს. მზეში რკინა ფართოვდება, საღამოს კი იკუმშება. ვუთხარი ყველა ვარიანტში გატეხავსთქო, იცოდნენ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი საუბარი. თუ პრობლემა რეალურად არის და საგარანტიო ვადა არ ამოწურულა, ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება“, - გვითხრა ავთო კაჭკაჭაშვილმა.

მოსახლეობა საფეხმავლო ბილიკების მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდა. იმის გამო, რომ დასახლებაში ტროტუარები არ იყო, ადგილობრივებს სიარული სამანქანო გზაზე უწევდათ.
| Print |