რეგიონი
სომხური მესამე სექტორი ხელისუფლებას თავშეკავებული ქმედებისკენ მოუწოდებს
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, 6 ივნისს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს თავშეკავებულად იმოქმედონ, თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას და არ გამოიყენონ ძალა. საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის პირველად არ ხდება, რაც უფრო მეტად აღრმავებს უნდობლობას მაცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის.

,,თვითმხილვევლთა ჩვენებები და არსებული ვიდეოჩანაწერები მოწმობს, რომ სამართალდამცველებმა უიარაღო მოქალაქეების მიმართ ძალა გამოიყენეს დაშავებულთა ოჯახის წევრების თვალწინ. ქალების და ბავშვების თანდასწრებით მიხაკ ხაჩატრიანს დამამცირებლად მოეპყრნენ და მიწაზე ძალის გამოყენებით დააწვინეს" – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა საბჭო იმასაც ამტკიცებს, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში დამატებითი დაძაბულობის შექმნას. გამომდინარე აქედან, ,,საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს თავი შეიკავონ დამამცირებელი ფორმით ძალის გამოყენებისგან სომეხი მოსახლეობის მიმართ და ქვეყანა არ მიიყვანონ დესტაბილილზაციამდე" – ვკითხულობთ განცხადებაში რომელსაც სააგენტო jnews.ge ავრცელებს.

ინციდენტი, რომელსაც სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, ახალქალაქში, 6 ივნისს, მოხდა. ორი მოქალაქის დაკავების მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. მომხდარზე სასამართლო იმსჯელებს.


| Print |