რეგიონი
ურაველში გზები, საქონლის სადგომები და ნათესები დაიტბორა
სოფელ ურაველში დღეს, 23 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო ხევი ადიდდა, რამაც გზები, საქონლის სადგომები და ნათესები დატბორა.

ადგილობრივების თქმით, წვიმის შემდეგ წყალი სავალ გზაზე გადმოვიდა. მათი ინფორმაციით, დატბორილია საქონლის სადგომები და მიწის ნაკვეთებიც.

“საშინელი ამინდი იყო, ძლიერი წვიმა და სეტყვა, რასაც თან ერთვოდა ქარი. წაღებულია ორივე ხიდი, ერთი ახლა გააკეთეს და ისიც წაიღო. მეორე ძველი იყო. ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. წყალი გადმოვიდა არხიდან და დატბორა ყველაფერი. გაგვიფუჭდა ნათესები”,
- ამბობს ურავლის მაცხოვრებელი მანუჩარ კაპანაძე.





ურავლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მერიის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით. ისინი ამ დრომდე ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. 

,,ზედა უბნიდან ხრეში წამოიღო, რამაც ჩაკეტა წყლის გასასვლელი და გამოიწვია ხევის ადიდება. რაც შეეხება ხიდებს, ერთი სოფლის მოშორებით ძველი ხიდი იყო, რომელიც პრაქტიკულად აღარ გამოიყენებოდა, ხოლო მეორეს გაკეთება ახალი დაწყებული იყო. შესაბამისად, ამ ხიდების წაღებას სოფლისთვის პრობლემა არ შეუქმნია. სპეციალური ტექნიკა ხვალ დილიდან, როგორც კი გათენდება განაახლებს მუშაობას და გაიწმინდება ყველა გზა" – აცხადებს მეცხრე არხთან ახალციხის მერის მოადგილე ალეკო ზედგინიძე.
| Print |