რეგიონი
ძვირი სუფთა ჰაერი
აბასთუმანში ტურისტული სეზონი ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა ადგილობრივები დამსვენებლების რაოდენობის ზრდას ივლისში ელიან. ტურისტული სეზონი აქ მაისის თვეში იწყება და სექტემრის ბოლომდე გრძელდება.

ნანული კეკელიძე აბასთუმანში დასასვენებლად თბილისიდან ჩამოვიდა. შუახნის ასაკის ქალი კურორტს მესამე წელია სტუმრობს. ბინების მაღალი ფასების გამო, საცხოვრებელი აბასთუმნიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით, სოფლად იქირავა და ყოველ დღე აბასთუმნის ცენტრალურ პარკში იდიდან დადის.

ჰაერის შეცვლა ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. დილით გადმოვდივარ და საღამოს უკან ვბრუნდები“,-ამბობს ნანული კეკელიძე.

თბილისელი ქალის მსგავსად, მეორე წელია ქუთაისიდან აბასთუმანში ჩამოდის ზვიად შეყილაძე. მისი თქმით, წელს კურორტზე სიტუაცია შეცვლილია. შუახნის მამაკაცს სამშენებლო მტვერი აწუხებს.

სუფთა ჰაერის გულისთვის დავდივარ აქ, წელს მტვერია აბასთუმანში. ეს ადგილი თავისი უნიკალური ტყით გამოირჩევა და მისი დაბინძურება არ უნდა ხდებოდეს“,- ამბობს ზვიად შეყილაძე.

კურორტზე ბათუმიდან სამ შვილთან ერთად დადის ნატო დოლიძე. მცირეწლოვნების დედა, რომელიც აბასთუმანს მეშვიდე წელია სტუმრობს ამბობს, რომ კურორტზე ბავშვებისთვის გასართობი თითქმის არაფერია.

თუ მომავალში ამ კუთხით აბასთუმანში რამე შეიცვლება დამსვენებლებიც გაიზრდება“.

ნატო დოლიძე კურორტს 15 დღით სტუმრობს. ორკვირიანი დასვენება საშუალოდ, 1 500 ლარი უჯდება.

აბასთუმანში ბინები დღიურად ქირავდება. ფასი საცხოვრებლის კეთილმოწყობის მიხედვით მერყეობს. ეს ადგილობრივების უმეტესობისთვის ერთადერთი შემოსავალია. მოსახლეობა ტურისტულ სეზონზე აღებული ფულით თავს მთელი წელი ირჩენს.

„გააჩნია დამსვენებელს როგორი პირობებით უნდა სახლის ქირაობა. რამდენადაც კომფორტული ბინაა, ფასიც შესაბამისია. მე 70-80 ლარადაც ვაქირავებ, კომფორტი მაქვს“, - ამბობს თეონა კუპრაძე.

ცისანა კირთაძეს საცხოვრებელი სახლი ცენტრალურ პარკთან აქვს. დამსვენებლებზე საცხოვრებელს წლებია აქირავებს.

„ორი საძინებელი მაქვს, დღეში 100 ლარად ვაქირავებ. დამსვენებლების რაოდენობას არ ვითვლი, ოჯახს შეუძლია სახლში შესვლა. ყველანაირი კომფორტია საცხოვრებელში. ცივი, ცხელი წყალი, გაზი“,
- ამბობს ცისანა კირთაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პირველი წელია, როცა აბასთუმანში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. თუ ადგილობრივები ივნისში დამსვენებლების სიმცირეზე ჩივიან, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ირწმუნება, რომ დაბაში ტურისტების რაოდენობამ 2019 წელს მაქსიმუმს მიაღწია.

აბასთუმანში არის პიკი. მე მინახავს ათობით ტურისტი, რომელსაც გაშლილი აქვს კარავი და ღია ტყეში ცხოვრობს სიჭარბის გამო. აბასთუმანში საოცარი პროცესები მიმდინარეობს. მშენებლობა, რეაბილიტაცია“,- გვითხრა ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ.

ნუგზარ ათოშვილი აბასთუმნის მკვიდრია. მეზობლებისგან განსხვავებით, რომლებიც სახლებს აქირავებენ, შემოსავლის მიღების სხვა წყაროს მიაგნო. შუახნის კაცი პარკ „როშაში“ დამსვენებლებს ცხენებით ასეირნებს. ადგილობრივი ტურისტების რაოდენობის მატებას ივლისში ელის.


| Print |