რეგიონი
სოფელი 12 კომლით
მიხვეულ-მოხვეული გზით, მრავალფეროვანი ბუნებით, რამდენიმე კომლით, ზაფხულში სიგრილითა და უხვთოვლიან ზამთარში გარეული ცხოველების ყმუილით - ეს ახალციხის პატარა სოფელი ანდაა, რომლის მოსახლეობას 12 ოჯახიღა წარმოადგენს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით,  ანდაში 74 ადამიანი ცხოვრობს. რეალურად კი, ხუთი წლის შემდეგ, მაღალმთიან სოფელს მუდმივ მაცხოვრებლად 12 ოჯახი შემორჩა. დანარჩენები მამაპაპისეულ სახლ-კარს ზაფხულობით სტუმრობენ. გასაკვირი არ არის, რომ ადგილობრივები მთავარ პრობლემად მიგრაციას ასახელებენ.

„სოფელი ხალხისგან ყოველდღე იცლება. დასაქმება არ არის, რა გავაკეთოთ, რით ვარჩინოთ საკუთარი შვილები. ახალგაზრდა აქ ვეღარ ჩერდება, იძულებულია საცხოვრებლად ქალაქში ან მეორე სოფელში გადავიდეს“, - ამბობს ნაირა ინასარიძე.

მარტოხელა ქალი ცენტრში ცხოვრობს. მის სახლთან, საღამოობით სოფლად შემორჩენილი მოსახლეობა იკრიბება. ნაირა ინასარიძე დღის განმავლობაში, ტელევიზიით გადაცემულ ამბებს მეზობლებთან განიხილავს. უფრო ხშირად ანდის პრობლემებზე საუბრობენ.

საბაზო სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს, რომელიც მეოთხე კლასს მომავალ წელს დაასრულებს. ამის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულების კარი საბოლოოდ დაიხურება.
ანდის სკოლა

სკოლის მსგავსად, ანდაში ბაგა-ბაღის პრობლემაც აქვთ. ბავშვები მეზობელ სოფელ ანდრიაწმინდაში მშობლებს ავტობუსით დაჰყავთ.

„ერთი მასწავლებლით ეს სკოლაა? ბავშვს მხოლოდ ოთხი წელი შეუძლია ისწავლოს, მერე იძულებული ხარ საცხოვრებლად სხვაგან გადახვიდე ან შვილი ყოველ დღე ანდრიაწმინდაში ატარო“,- გვითხრეს ანდაში.

სოფლის ყველაზე ასაკიანი მაცხოვრებელი სონა ბერიძეა. 80 წელს გადაცილებული ქალი გვიყვება, რომ ანდაში ბევრი მოსახლე არასდროს ყოფილა. გასულ წლებში აქ, 20-25 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა სოფელს ადგილობრივები უფრო ხშირად ბოლო პერიოდში ტოვებენ.

"ნახევრად გაკეთებული საქმე“ - ასე ეძახიან ადგილობრივები ცენტრთან დამაკავშირებელ გზას. ანდრიაწმინდა-ანდის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი გზის ნაწილზეა მოწყობილი. გადაადგილება განსაკუთრებით, ზამთარში უჭირთ, როდესაც ამორტიზებული გზა იყინება და თოვლით იფარება.

გზა ყველაზე დიდი პრობლემაა. დაიწყეს და არ დაასრულეს. ალბათ, 2020 წლის არჩევნებს ელოდებიან, დაგვპირდნენ, ხმები მიიღონ და მერე აღარ მოგვხედონ“,- ამბობს ნაირა ინასარიძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ გზა ბოლომდე დაიგება, ოღონდ ეტაპობრივად.

„ანდრიაწმინდა_ანდის გზის 1 700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 160 ლარით ფინანსდება. გარდა ამისა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 10 000 ლარით, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 960 ლარი ემატება, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის უჟანგავი ლითონით მოწყობაა დაგეგმილი“, - გვითხრა ახალციხის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ჯილდა უჩიძემ.

ანდას კიდევ ერთ საკითხში არ გაუმართლა. ბუნებრივი აირის ცენტრალურმა მილმა მაღალმთიან სოფელს გვერდი აუქცია. აქ შემორჩენილი მოსახლეობა ყოველ დღე გაჰყურებს მთებზე ყვითელ მილებს, რომელიც გაზით მეზობელ სოფლებს ამარაგებს.


| Print |