რეგიონი
ტურისტული აბასთუმნის ორი მხარე

 

აბასთუმანში საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტს ვიზიტორები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. დამსვენებლებისთვის ფასი სერვისთან შედარებით მაღალია, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი და ისიც სეზონური შემოსავალია. აბასთუმანში მყოფი დამსვენებლები ძირითად აქცენტს სერვისების ნაკლებობაზე, უხარისხო პურ–პროდუქტებზე, ანტისანიტარიასა და სამშენებლო მტვერზე აკეთებენ.

,,მომსახურება მთავარი პრობლემაა – ბანკომატი და ჩასარიცხი აპარატიც კი არ არის, ელემენტარული, ხელფასს რომ იღებ, ახალციხეში უნდა ჩახვიდე, რომ ფული გამოიტანო. ყურადღება აკლია, მდინარეს ნახავთ, რომ ძალიან დაბინძურებულია“.

,,პურის ნაკლებობაა, რა პურიც შემოდის უხარისხოა. ქუჩაში ნაგავია, არ არის სისუფთავე. ერთი პარკი გვაქვს, რომელიც დაბინძურებულია. მე მგონი აქ მეეზოვეები და დასუფთავების სამსახური საერთოდ არ მუშაობენ“.

,,მოუწესრიგებელია ქუჩები, მიწაყრილია და თავისთავად მტვერი იქნება, ამას პლიუს ტრაილერები – ადიან და ჩადიან, ძალიან მოუწესრიგებელია, როგორც მინიმუმ უნდა ირწყვებოდეს მაინც“.

,,მიზერულ ხელფასად მუშაობს ხალხი და ეს უნდა აღმოიფხვრას პირველ რიგში. ივნისი, ივლისი და აგვისტოა ფაქტიურად სამუშაო დრო. დანარჩენი თვეები საერთოდ მუშაობაც არ არის“.


დამსვენებელთა მოსაზრება აბასთუმნის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ორ ნაწილად იყოფა. თუკი გამოკითხულთა ერთი ნაწილი მაღალ ფასსა და დაბალ სერვისებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კურორტზე მხოლოდ აღმშენებლობას და მოქალაქეთა დასაქმებას ხედავს. უფრო მეტიც, ამბობენ რომ ტურისტთა ნაწილი დედაქალაქში დაწყებული აქციების გამო შემცირდა.



,,პრობლემა ადრე იყო, როცა არაფერი კეთდებოდა, ახლა ძალიან ბევრი რამ კეთდება. ისეთი, რომ ზღაპარში გვგონია თავი“.

,,უმუშევრობა იყო ძირითადი პრობლემა და კიდევ კურორტს რომ არ ხედავდნენ, ესეც პრობლემატური იყო. ახლა გვიხარია, დაფასდა აბასთუმანი, აკეთებენ, ხალხს სამუშაო გაუჩნდა“.

,,ხალხის შემოსვლა შემცირდა, აქციების შემდეგ ხალხის ნაკლებობა განვიცადეთ ძალიან, ტურისტი აღარ შემოდის, ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ამან ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.

,,გული მწყდებოდა იმაზე, რომ ასეთი კარგი ადგილი გვქონდა და ყველასგან მივიწყებული იყო. მადლობა ღმერთს, წელს დაიძრა, იქნებ ეშველოს. მთავარია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებიდან დაიწყოს, ალბათ ყველა მაგას იტყვის“.


მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებელთა სიმცირეზე კმაყოფილი აბასთუმნელებიც ჩივიან, ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აბასთუმანში ტურისტების პიკია. ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ფიქრობს, რომ დამსვენებელთა სიჭარბის გამო ტურისტები კარვებშიც კი ცხოვრობენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი კვარტალში, სამხრეთ საქართველოს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელების მხოლოდ 4.2% ესტუმრა. ასეთი ცოტა ტურისტი, 2014 წლიდან დღემდე, რეგიონს არც ერთ კვარტალში სწვევია. ამავე პერიოდში, ყველზე მეტი ვიზიტორი 2017 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა და მხოლოდ 9% შეადგინა.

ამავე თემაზე: 

ძვირი სუფთა ჰაერი

სასარგებლო მტვერი

ტურისტული სეზონი აბასთუმანში (ფოტორეპორტაჟი)

| Print |