რეგიონი
ახალციხის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებზე ჩივიან
სოფელ მუგარეთში მცხოვრები ლომიძეები სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან – ფერსიდან ან გიორგიწმინდიდან 3–5 კმ–დან ეზიდებიან, მიწის ნაკვეთებს კი წვიმის იმედად ამუშავებენ. ახალციხის სოფლების ნაწილს, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მრავალი წელია აწუხებს. მუგარეთში ამბობენ, რომ ამის გამო ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ.

,,წყალი ჩვენ არ გვაქვს ყანა რომ მოვრწყოთ, დასალევი ჩვენ არ გვაქვს. ორი თვეა წყალი არ მოსულა ონკანში. მეზობლებს მოაქვთ წყალი და იმას ვთხოვთ დასალევს“ – ამბობს გულო ლომიძე.

,,ფერსაში გადავდივართ, ან გიორგიწმინდაში და იქიდან მოგვაქვს წყალი. ბევრს ვერ ვერევი, 4-ლიტრიანს წავიღებ ხოლმე. ერთ ხელში ჯოხი მიჭირავს, მეორეში ბალონი“, – ამბობს 82 წლის მზია ჩადუნელი.
მერის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში ირწმუნება, რომ სარწყავი წყლის პრობლემა 2020 წელს მოგვარდება. გიორგი ბლიაძის თქმით, გამოიცვალა სისტემა, თუმცა სამუშაოების დასრულება დაგვიანდა. ამის გამო, მოსახლეობამ წელს ახალი სისტემით ვეღარ ისარგებლა, რადგან რწყვის სეზონი უკვე დასრულებული იყო.

დიდი პროექტი გაკეთდა, რომელიც 5 სოფელს წყლით ამარაგებს. მათ შორისაა სოფელი მუგარეთიც. ყველა სამუშაო დასრულებულია, მომავალ სეზონზე გლეხებს რწყვის პრობლემა მოგვარებული ექნებათ“, - ამბობს გიორგი ბლიაძე.

მუგარეთის მსგავსად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ სოფელ წირაშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, როცა წვიმს და ღელე წყლით ივსება. სოფელში დაბინძურებულ წყალს აგროვებენ და რამდენიმე დღეს იზოგავენ.

,,თუ არ იწვიმა რას ვიზამთ. სასმელი წყალი არ გვაქვს, წყარო დაბლაა, ღელეში, როცა წვიმს წყალი მაშინ მოდის და იმას ვსვამთ. სუფთა როგორ იქნება, წვიმის შემდეგ მოდის და ტალახიანია სულ, როგორც მიწა“, – ამბობს ლევონ აბრამიანი.

წელს მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემამ არ უნდა შეაწუხოს – იმედოვნებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი. ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ თვითდინებადი არხებით სარგებლობა თითქმის ყველა სოფელს შეუძლია, ხოლო სატუმბი სადგურებით სარგებლობა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

„რეგიონის მასშტაბთ 15 ათასამდე თვითდინებადი არხია, პრობლემა არ არის სეზონთან დაკავშირებით, რაც შეეხება სატუმბ სადგურებს, ვინაიდან აქ არის თანხა გადასახდელი, მეტ–ნაკლებად მიმართვიანობა რომ არ იყო, შესაბამისად არ იყო ჩართული“, – გვითხრა ნანა ზუბაშვილმა.

სოფლებში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ახალციხის სამელიორაციო სამსახურში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს ხუთი არხი ემსახურება, ხუთივე გაწმენდილია და თვითდინებით მუშაობს. სამსახურის უფროსი ვალოდია ხმალაძე ვარაუდობს, რომ ნალექიანი წლის პირობეში მოსახლეობას მორწყვის პრობლემა არ უნდა შეექმნას.

,,ახალციხეში 5 თვითდინებადი არხია, ხუთივე გაიწმინდა და გარემონტდა. სარწყავად უკვე მზად იყო თვითდინებადი არხები. რაც შეეხება სამელიორაციო გადასახადს, სეზონურად 1 ჰექტარზე არის 75 ლარი. ერთხელ მორწყავს, სამჯერ, ხუთჯერ თუ რამდენჯერ მაინც ეგ თანხა უნდა გადაიხადოს“
– განმარტავს ვალოდია ხმალაძე.

ადგილობრივი მოსახლეობა ტექნიკის სიმცირესა და მოშლილ საირიგაციო სისტემებზე ჩივის. სარწყავი წყალი კი ახალციხის სოფლების ნაწილში ფერმერის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ამას არც ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ. ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 სოფელსა და ერთ ქალაქში, 11 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს. თითო სადგურია ფარეხაში, წნისში, წყორძაში, საყუნეთში, აწყურში, ნაოხრებსა და წყალთბილაში. ორ-ორი კი ვალესა და სხვილისში. დანარჩენი სოფლები უკეთეს შემთხვევაში, თვითდინებით ირწყვება. ყველაზე მაღალი გადასახადი ფარეხის სადგურზეა, სადაც ერთი საათი 100 ლარი ღირს, ყველაზე ნაკლები კი– ვალეში, სადაც ფერმერებს საათში 28 ლარის გადახდა მოუწევთ.

| Print |