წნისში მცხოვრებმა ჟორა ჩადუნელმა საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. მან მხოლოდ მიწის ნაკვეთი დაამუშავა. ფერმერი ამბობს, რომ რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ჯერ არც ნერგები დაურგია და არც მარცვლოვანი კულტურები დაუთესია. მისი თქმით, აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები, მარტის თვიდან დაიწყება როცა მოსავალს ნიადაგში მოყინვის საფრთხე აღარ დაემუქრება.
ჟორა ჩადუნელის მსგავსად, სამცხე–ჯავახეთში, ფერმერთა უმეტესობა, ჯერ მხოლოდ მიწის დახვნით შემოიფარგლა. აქტიური საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად, ისინიც დათბობას და გაზაფხულის პირველი თვის დადგომას ელიან. რა პერიოდში უნდა მოხდეს მიწის დამუშავება, დათესვა და ნაკვეთში შესაბამისი პესტიციდებისა თუ სასუქის შეტანა იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მიიღონ – ეს ადგილობრივებმა ძირითადად, თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილებიდან იციან, თუმცა ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ რჩევებს, აგრო–კონსულტანტებისგანაც იღებენ.
იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებმა რჩევები მიიღონ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში, ექსტენციის პროგრამა მუშაობს. საამართველოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ფერმერები მათ ხშირად აკითხავენ. მათ ძირითადად, ინფორმაციის მიღება, მიწის დამუშავებისა და შესბამისი შხამქიმიკატების შეტანის შესახებ სურთ. მამუკა თამარაძის თქმით, იმის გამო რომ თებერვალი საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად ხელსაყრელი არ არის, მათთან მოსახლეობის მიმართვიანობა მარტიდან იწყება. ხშირ შემთხვევაში ისინი ფერმერებთან სოფლებში, თავადაც გადიან.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელსეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხვნის ბარათები, ახალციხეში უკვე ჩამოიტანეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროგრამაში მონაწილეობას 9 722 ფერმერი იღებს. მათ ბარათები თებერვლის ბოლომდე დაურიგდებათ და შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, ნიადაგის დამუშავებას მარტიდან დაიწყებენ.