რეგიონი
ვალეში ასფალტის ქარხანა გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა
ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, ბეტონის მწარმოებელი ქარხნიდან მუქი კვამლი ამოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმო არა მხოლოდ დასახლებას, არამედ მთელ ხეობას აბინძურებს. საწარმო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტმა შეამოწმა. სინჯების პასუხები დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

„კვამლი სანამ გარეთ გავა, ჯერ ფილტრს გაივლის. მოსახლეობისთვის საშიში არ არის, ყველამ იცის ეს, 2005 წლიდან ვმუშაობთ და ჯერ არავინ დაავადებულა. ბოლი შავი იმიტომ არის, რომ მაზუთს ვწვავთ. გაზზე რომ ვიმუშავებთ, თეთრი ბოლი იქნება. მაგრამ ბუნებრივი აირი დასახლებაში ჯერ არ არის, წერილი მივწერეთ „სოკარს“ და სანამ მოსახლეობამდე არ მოვიყვანთ, თქვენთან ვერ შემოვიყვანთო. თუ მოვიყვანეთ 170 000 ლარი დაგიჯდებათო", - გვითხრა ქარხნის დირექტორმა მალხაზ მანველიშვილმა. 

ქარხანა შპს "ასტორიას" ეკუთვნის. როგორც ირკვევა, კომპანია მიმდინარე წელს უკვე დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საწარმო 2019 წლის 7 მაისს დაათვალიერეს.

"დათვალიერების შედეგად გამოვლინდა გარემოს ზემოქმედების ნებართვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი ოქმი შეადგინეს 79/2 პრიმა მუხლით. 
დაანგარიშდა გარემოზე მიყენებული ზიანიც - 1623 ლარი. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, 2019 წლის 23 მაისს, სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით, სამართალდამრღვევს 5 000-ლარიანი ჯარიმა და ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა",
- წერია წერილში, რომელიც "მეცხრე არხმა" უწყებისგან მიიღო.

შპს "ასტორიას" დირექტორი მალხაზ მანველიშვილი ამბობს, რომ ჯარიმა მხოლოდ 700 ტონით მეტი ასფალტის წარმოებისთვის დაუწერეს.

„ნებართვა 17 000 ტონა ასფალტის წარმოებაზე მქონდა, მე ვაწარმოე 17 700 ტონა. ახლა უკვე 40 ათას ტონაზე ავიღე ნებართვა".

| Print |