რეგიონი
აბასთუმანში გარემოსდამცველთა დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადაიდო

 

დაბა აბასთუმანში გარემოსდამცველების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოვლენების განვითარებას და ხელისუფლების ნაბიჯებს ელიან, რის მიხედვითაც პროტესტის ფორმებს დაგეგმავენ.

საქმე ეხება აბასთუმანში, შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გაივლის. ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილზე მიყიდვას.

"ხეების ჭრა არ დაწყებულა. როგორც კი რაიმეს მოიმოქმედებენ, მზად ვართ რომ შევაჩეროთ. სამართლებრივად სხვა არასამთავრობოები იბრძოლებენ, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, მაგრამ თუ რაიმეს წამოიწყებენ დაცულ ტერიტორიაზე, ფიზიკურად ვეცდებით შევაჩეროთ პროცესები, ხე-ტყის გაჩეხვას არ დავუშვებთ", - გვითხრა პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ. 

გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელიან "მწვანე ალტერნატივაში". გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროექტი განხორციელების ნებართვა სწორედ ამ სახელმწიფო უწყებამ უნდა გასცეს.

"ეს პირველი ეტაპია. ჩვენ ახლაც ვითხოვთ, რომ იქ გზამ არ უნდა გაიაროს, არ შეიძლება. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დააკმაყოფილონ, რადგან კანონი ამბობს, რომ ასეთ ტერიტორიაზე გზის გაყვანა დაუშვებელია. ანუ ლეგალური საფუძველი არ არსებობს. თუ მაინც გასცემენ ნებართვას, აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას", -
გვითხრა "მწვანე ალტერნატივას" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ. მისი განმარტებით, ჯერ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და მერე მოითხოვოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროექტისთვის ნებართვა. "მაგრამ კანონში გზის მშენებლობის მიზეზით ცვლილებას ვერ შეიტანენ".

თუმცა ნინო გუჯარაიძე ბოლო შემთხვევას იხსენებს, როცა "დარიალჰესის" მშენებლობის დროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, რომ ტერიტორია დაცული ტერიტორიებიდან ამოეღოთ.

ამავე თემაზე:

მომავალი კვირიდან აბასთუმანში საპროტესტო აქციები იწყება
| Print |