საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მათ რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება, რეგიონების საინვესტიციო პოტენციალზე, განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე გამახვილდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს. საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის, გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს ყველა ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორების მოსაზრებები მოისმინა და სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე წინადადებები განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.