რეგიონი
ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობამ აქცია გამართა

 

ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობის ნაწილი თბილისში შეიკრიბა და მიწის რეგისტრაციაში არსებული ხარვეზები გააპროტესტა. მოსახლეობის განმარტებით, 2016 წელს მიღებული კანონის მიუხედავად საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

საკუთრების დამტკიცება ვერც იმ ნაკვეთებზე ხდება რომლებიც ადგილობრივებს 1992-97 წლებში გატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში გადაეცა. მიუხედავად იმის, რომ ადგილობრივები ნაკვეთებს წლებია ამუშავებენ, მათზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთები, ხშირ შემთხვევაში დაკარგულია, რაც პროცესს აბრკოლებს.

აქციის მონაწილეებს ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შეხვდა, რომელიც ამ თემაზე საუბარს მომდევნო კვირაში პარლამენტში აპირებს. მისი განმარტებით, ადგილობრივების დასახმარებლად ამ პროცესში სამი რგოლის - პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლები, ამხანაგობა „ბაკურიანი-დიდი მიტარბი“-ს წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მიტარბის მაცხოვრებელთა პროტესტის შედეგად, დაზარალებულებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეხვდება. მიხეილ სარჯველაძე მიტარბის მაცხოვრებლებს პირადად მოუსმენს. გედი ფოფხაძის აზრით, ,,სახელმწიფოს მიერ დაანონსებული აქციის შედეგად, რომელიც მიწის უფასო რეგისტრაციას გულისხმობს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ისარგებლეს. ზოგმა დოკუმენტაციის ნაკლებობის, ზოგმა საჭირო საბუთების არ ქონის და ა.შ. მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია და რაც შეიძლება, დროულად უნდა მოგვარდეს მათი პრობლემა".

აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. პირველად მიტარბელებმა საპროტესტო აქცია ბორჯომში გამართეს.

„ეს მიწები ამ ხალხს 90–იან წლებში აქვთ შეძენილი. აღმოჩნდა რომ რაღაც ხარვეზებია საბუთებში და დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, მარტო მე ათი კაცის სახლით უნდა ვისაუბრო აქციაზე, რახან ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენს სატკივარს ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გაუშვებს, ვიფიქრეთ იქნება უფრო მაღალ წრეებში არ მისდით ჩვენი ამბავი და ამიტომ გავმართავთ მშვიდობიან აქციებს. ვითხოვთ დოკუმენტებში ხარვეზების მოგვარებას და რა პრობლემებიცაა სახელმწიფო ორგანოებში და უწყებებში დაარეგულირონ სამართლებრივად და რამე მექანიზმი შეიმუშაონ“, – ამბობს ამხანაგობა „ბაკურიანი–დიდი მიტარბის“ თავმჯდომარე სვეტლანა თვაური.

მისივე თქმით, აქციებს რეგულარულად გააგრძელებენ. „ამას ექნება პერმანენტული ხასიათი. თუ საჭირო იქნება დიპლომატიურ კორპუსებთან, გაეროსაც მივაწვდენთ ხმას".

 

| Print |