რეგიონი
აბასთუმანში სახანძროს შენობის მშენებლობა დაჭაობდა
დაბა აბასთუმანში, რუსთაველის 30-ის მიმდებარედ, ორი თვეა ტერიტორია გადათხრილია. მიტოვებული მშენებლობა დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ დაჭაობებული ადგილი ბავშვებს საფრთხეს უქმნის.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და მალევე შეჩერდა. კომპანიამ მძიმე ტექნიკით მხოლოდ მიწა ამოთხარა და სამუშაოები აღარ გააგრძელა. ტერრიტორია არც შემოღობილია და არც სხვა სახის უსაფრთხოების ზომებია დაცული.

„ტრაქტორებით მუშაობდნენ. ამოთხარეს და დატოვეს, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. თხრილში წყალი ჩადგა, დაჭაობდა ტერიტორია. არც იმას გვეუბნებიან, გააგრძელებენ თუ არა, შეიძლება წყალი რომ ამოვიდა აღარ აპირებენ აქ აშენებას“, - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ.

„მეზობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ, არადა კორპუსს ამის გარდა ეზო არ აქვს. ცოტა ხნის წინ, ორი წლის ბავშვი თამაშობდა, აქეთ გაიქცა და კინაღამ ჩავარდა, მოასწრეს და მოსაცმელით დაიჭირეს“, - გვითხრეს აბასთუმანში.

შსს-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2019 წლის 14 აგვისტოს, 2 880 161 ლარზე გამოაცხადა. პროექტის 10% - 2019 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება, 90% კი 2020 წლის ფინანსურ დოკუმენტში ჩაიდო. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულ კომპანიას შენობა 11 თვეში უნდა აეშენებინა.

სექტემბერში გამართული ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, შპს „გიკომ“ 2 672 778 ლარით გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 24 სექტემბერს გაფორმდა.

„თქვენ ზედამხედველი ხართ? ტელევიზია ჩემთან რა შუაშია? ჩემი კომპანია ჩემი პირადია. რომელი მშენებლობა შეჩერდა? ვინ გითხრათ? ვინ მოგატყუათ? არ გრცხვენიათ? ამ ტყუილებს სად იგონებთ? კარგად იყავით!“, - გვითხრა კომპანიის დირექტორმა პაატა ფოცხვერაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

„მეცხრე არხს“ აქვს 22 ოქტომბერს და 28 ნოემვერს გადაღებული ფოტოები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ერთი თვის განმავლობაში, მშენებლობის ადგილას, ვითარება არ შეცვლილა.
მშენებლობა 22 ოქტომბერს

მშენებლობა 27 ნოემბერს

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა პროექტის შესახებ ინფორმაცია არ მოგვცა და წერილობითი მიმართვა მოითხოვა. „მეცხრე არხი“ უწყებიდან ელოდება პასუხს კითხვაზე, რატომ შეჩერდა სამუშაოები და ვინ არის პაუხისმგებელი დაჭაობებულ ტერიტორიაზე და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რა თანხა ჩაერიცხა ბიუჯეტიდან გამარჯვებულ კომპანიას და დაჯარიმდა თუ არა ამ დროისთვის პირობების შეუსრულებლობის გამო.

რუსთაველის 30-ის მიმდებარედ, 2 991 კვ.მ. მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა. ამავე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს კიდევ ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა. უწყებამ 1 618 389 ლარზე ტენდერი 2 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები აბასთუმნის გარდა, თბილისში არსებულ ორ ობიექტზე უნდა განახორციელოს. წინადადებების მიღება 24 ოქტომბერს შეწყდა, თუმცა ვაჭრობა არ გაიმართა. უწყებას ტენდერი ხელახლა ჯერ არ გამოუცხადებია.
| Print |