რეგიონი
„კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“ - კვლევის შედეგების განხილვა ბორჯომში

 

,,კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში ორი დღის განმავლობაში, კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართა. პირველ დღეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, გიდები, ტურიზმში ჩართული პირები და ჟურნალისტები.

კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა, ფოკუს-ჯგუფებსა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩაწერას ითვალისწინებდა. შედეგების გაცნობის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება არსებული რეალობის შეცვლა. შეხვედრის ორგანიზატორი "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრია". 

„გამოიკვეთა ძალიან ბევრი გამოწვევა გიდების მომსახურებასთან დაკავშირებით. ეს ეხება გიდების სერთიფიცირებას. ვინ უნდა დაარეგულიროს ეს სიტუაცია, ადგილობრივ დონეზე რისი გაკეთება შეიძლება, ვინ უნდა იყოს ჩართული, არასამთავრობო სექტორი თუ გიდების ასოციაცია. რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს გიდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თუ რეგიონის შესახებ უყვება ისტორიას ტურისტს. სწორედ ამ თემებზე გვქონდა მსჯელობა. შემუშავებულია რეკომენდაციები, თუმცა ამ რეკომენდაციებსაც სჭირდება გადახედვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე“, განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის თავმჯდომარე მარინა კუპატაძემ.

„არსებობს ექსკურსიამძღოლების სერიოზული პრობლემა. თუ ადამიანმა არ იცის კურორტის ისტორია, ასეთ პიროვნებას არაფერი ესაქმება ტურიზმის სფეროში. შეხვედრა, როგორიც დღეს ჩატარდა, რა თქმა უნდა კარგია და საინტერესოა. ჩემი აზრით, აუცილებელია მოხდეს გიდების ატესტაცია“, - აღნიშნა გიდმა მიხეილ პოსტნიკოვმა. 

კვლევის შედეგების საჯაროდ განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც. პოლიტიკოსები ბორჯომში, ცენტრალური ოფისებიდან ჩამოვიდნენ. საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზე.

„როდესაც არ არის კვალიფიციური ინფორმაცია ბორჯომის თუ ზოგადად რეგიონის შესახებ და არის დაწერილი საბჭოთა კავშირის დროს, ამას ავსებს გიდი სუფრაზე გაგონილი და ყურმოკრული ისტორიებით, რასაც ხშირ შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან. კვალიფიკაციის ამაღლებით უნდა დავიწყოთ პირველ რიგში, მასალების მოგროვებით, დახარისხებით და შემდეგ ამ მომზადებულ მასალებს უნდა დაეფუძნოს გიდების კვალიფიკაცია“, - - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 

შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში მომავალშიც ჩატარდება. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” , „ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის თანადგომასთან“ პარტნიორობით, „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI“ - ის მხარდაჭერით.
| Print |