რეგიონი
ბაკურიანის ნაწილს სასმელი წყალი კვლავ არ მიეწოდება

 

დაბა ბაკურიანს მეოთხე დღეა სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. პრობლემა 31 დეკემბერს შეიქმნა. "წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ მიზეზი წყალზე მოთხოვნის გაზრდაა.

 


"ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. პარალელურად, უზრუნველყოფს დაბის წყლით მომარაგებას და რეზერვუარების შევსებას წყალმზიდების საშულებით.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება",
- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, უწყლოდ დარჩენილ ორ ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური კომპანია, გრცხვენოდეთ, ზამთრის სეზონზე რომ ბაკურიანს ვერ უზრუნველყოფთ წყლით და თურმე უწყლობა იმის ბრალია რომ წყლის მოხმარება გაიზარდა. ამას გაზაფხულზევე უნდა მიხვედრილიყავით და ახლა არ უნდა იწყებდეთ დამატებითი რეზერვუარების შექმნას",
- წერენ სოციალურ ქსელში დამსვენებლები და ადგილობრივები.

ბორჯომის მერის მოადგილის თქმით, პრობლემა რჩება რამდენიმე შემაღლებულ ადგილზე, სადაც წყალი ვერ ადის.

"წყლის მიწოდება ყველგან აღდგა, თუმცა წნევის პრობლემა არის და არ ჰყოფნის სასტუმროებში, რომლებიც მაღლობზე არიან. ღამის საათებში კეტავენ, რომ დილით მთელ ბაკურიანს მიეწოდოს", - გვითხრა მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ.

მსგავსი პრობლემა შეიქმნა გუდაურშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო ტურისტები უკან ბრუნდებიან.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" დაბა გუდაურსა და ბაკურიანში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

"პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონურად არსებულ პრობლემებს", - ამბობენ კომპანიაში.

 

| Print |