რეგიონი
უწყლობის გამო ბაკურიანს დამსვენებლები ტოვებენ (ვიდეო)
ბაკურიანში, წყლის პრობლემის გამო ტურისტები სასტუმროს ჯავშნებს აუქმებენ, ხუთი დღეა კურორტის 20-მდე სასტუმრო წყლის გარეშეა დარჩენილი.

ტექნიკური მოხმარებისთვის, ამ დროისთვის ბაკურიანს წყლით ბორჯომის და ახალციხის სახანძრო მანქანებით ამარაგებენ.

საკურორტო დასახლებებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო.

4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. კომპანიაში პრობლემას ამინდს აბრალებენ.

საკურორტო ზონებში კომპანია პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რის გამოც, შესაძლოა, საქართველოში წელს ზამთრის სეზონი საფრთხის ქვეშ დადგეს და პრობლემები შეექმნას.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, ბაკურიანში წნევის ვარდნის გამო წყალი 80%-ს მიეწოდება და მოსახლეობის მომარაგება წყლის ავზებითა და სახანძრო მანქანებით ხდება.

ეკატერინე გალდავას თქმით, ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, 6 იანვარს კიდევ ერთი გეგმა განხორციელდება.

,,ბაკურიანში არც თუ ისე მძიმე მდგომარეობაა, 80% -ს წყალი აქვს, 20 %- ს წყალი შეფერხებით მიეწოდება. წნევის ვარდნებია ხოლმე, ძალიან დაცემულია წნევის მოცულობა, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ, ხვალ რაღაც გეგმა გვაქვს, რომლითაც მას გავზრდით. ჩვენ არ ველოდებოდით, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი ვარდნა იქნებოდა და მოხმარება ამრიგად იქნებოდა გაზრდილი. განვახორციელებთ ამ გეგმას, ვიმედოვნებთ რომ წნევებსაც დავიჭერთ, რეზერვუარის დონესაც ავამაღლებთ და იმ 20% -საც მოვუგვარებთ წყლის პრობლემას. დღევანდელ დღეს წყლის ავზებით და სახანძრო მანქანებით ვახორციელებთ მოსახლეობის ავზების შევსებასა და წყლის დარიგებას,“
- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ბაკურიანს წყლის მიწოდების პრობლემა 31 დეკემბერს შეექმნა. მსგავსი ვითარებაა გუდაურშიც.
| Print |