რეგიონი
ჯავახეთში წყალსაცავმა დახოცილი თევზი გამორიყა

 

ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავში თევზი იხოცება. მკვდარი თევზი წყალმა ნაპირზე გამორიყა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. ფაქტი სოფლის მოსახლეობამ აღმოაჩინა და შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი დროულად უნდა გაირკვეს, რადგან ახლომდებარე სოფლების მსხვილფეხა პირუტყვი წყალს ამ წყალსაცავიდან სვამს.

დღეს ადგილზე მივიდნენ გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი რამაზ ხუციშვილი. მათ თევზი ექსპერტიზაზე გააგზავნეს. წყალსაცავში ძირითადად კარჩხანა ბინადრობს.

თევზის დახოცვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ზამთრის პერიოდში ყინულის ქვეშ ჟანგბადის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

"ადგილზე ვიყავი, ალბათ ჟანგბადი არ ეყოთ, ტბაში წყალი ძალიან ცოტაა, ყინვაა და თევზი დაიხოცა", - თქვა რამაზ ხუციშვილმა.

სოფლების მოსახლეობა დახოცილი თევზისაგან წყალსაცავის სანაპირო ზოლის დასუფთავებას ითხოვს, რადგან მალე საქონლის საძოვარზე გასვლის სეზონი იწყება.

 

| Print |