რეგიონი
სომხეთიდან ჩამოსული 30 პირი ახალციხის სასტუმროებში მოათავსეს
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 30 მაცხოვრებელი, რომლებიც 21 მარტს „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტით სომხეთიდან საქართველოში შემოვიდნენ, კარანტინს ახალციხეში გაივლიან. ისინი ორი კვირით სასტუმროებში მოათავსეს. ამის შესახებ jnews.ge წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყველა მათგანი საკარანტინე ზონაში გადაყანამდე, 10 საათის განმავლობაში საზღვარზე, კარავში იცდიდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა თქვა, რომ ყველას ახალციხის საუკეთესო სასტუმროებში მოათავსებენ.

„ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამ ხალხს საუკეთესო მომსახურების სასტუმროებში მოათავსებენ. აუცილებელი არ არის, რომ მათ ჰქონდეთ ვირუსი, ეს პრევენციის ზომებში კეთდება. ისინი იქ 14 დღის განმავლობაში იქნებიან და შემდეგ, თუ ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლებში დაბრუნდებიან“,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე ორკვირიან კარანტინს გაივლის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ის.
| Print |