რეგიონი
ხანძარი აბასთუმნის ტყეში

 

კურორტ აბასთუმანში, პარკ როშას მოპირდაპირე მხარეს, ტყეში ხანძარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ კვამლი დაახლოებით 14:00 სთ-თვის შენიშნა. ცეცხლი დაახლოებით 300კვ. მ-მდე ფოთლოვან ტყის მასივს გაუჩნდა. მეხანძრე - მაშველებთან ერთად ხანძარს ადგილობრივებიც აქრობდნენ.

"ამ წუთში, შეიძლება ითქვას ცეცხლის ღია კერები აღარ არის, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანებაა. სახანძრო მანქანა ვერ ამოდის, ამიტომ მეხანძრეები და ადგილობრივები ხელით ვაქრობთ. ეს ისეთი მიუდგომელი ადგილია, დამსვენებელი ვერ ამოვიდოდა და კოცონს ვერ აანთებდა", - გვითხრეს ადგილობრივებმა. 

ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ცეცხლის სალიკვდიდაციო სამუშაოებში მოგვიანებით ვერტმფრენიც ჩაერთო.

,,ხანძრის ლოკალიზება მალევე შევძელით. საბედნიეროდ ცეცხლი წიწვოვანში არ გადასულა. ხანძარი სავარაუდოდ გუშინ ხეზე დაცემულმა მეხმა გამოიწვია, რომელიც ნელ-ნელა აალდა. ამ დროისათვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“ - აცხადებს ადიგენის მერი.

| Print |